ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა
14/03/2022 08:39:05 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა, ამიტომ მას პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა ვიზიტის განსახორციელებლად. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგომისას განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში არსებული მოცემულობა აქტიური განხილვის საგანი უნდა იყოს და ამ ფონზე მსგავსი ქმედებები გაუგებარია:
„როდესაც საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, გაუგებარია პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები: 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალურ ფორმატი. ასეთ დროს, საჭიროდ მივიჩნიე საკუთარი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს. მქონია, რომ ჩვენი 40–წლიანი გამოცდილება დიპლომატიასა და სტრატეგიულ საკითხებში და ამ პერიოდის მანძილზე შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი“,– განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში.
მისი თქმით, დღეს ორი საკითხი დგას ჩვენს წინაშე: ევროკავშირში გაწევრიანება და უკრაინის მხარდაჭერისა და მის ირგვლივ შექმნილი პრობლემატიკა.
„ჩემმა ევროპაში ვიზიტმა დამარწმუნა, რომ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი, რეალური შანსი“.


