"გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება"
14/03/2022 09:13:34 პოლიტიკა
"გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
"მინდა, გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან. მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
ამასთან, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინაში მყოფ ქართველ დიპლომატებს:
"ასევე, მინდა უკრაინაში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით მადლობა მოვახსენო საელჩოს და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის".


