"პრეზიდენტის გამოსვლა იყო როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი"
14/03/2022 09:40:04 პოლიტიკა
პრეზიდენტის გამოსვლა მიმაჩნია, რომ იყო როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი", –ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წლიური მოხსენების წარდგინების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ჰარცელის განცხადებით, იგი ელის, რა სახის დისკუსია და გამოხმაურება მოჰყვება მის ამ განცხადებებს:
"მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე".
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება დღეს წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო. მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს პოზიციაც და ოპოზიციაც ქვეყნის წინაშე სცოდავენ. მან წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის ინსტიტუტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ პატივისცემა არ ჰყოფნის, მასთან თანამშრომლობა აუცილებელია, მით უმეტეს ამ ურთულეს პერიოდში“.


