Accentnews.ge
"ოცნების" რეაქცია ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებაზე: "პრეზიდენტი მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ"

"ოცნების" რეაქცია ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებაზე: "პრეზიდენტი მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ"

14/03/2022 10:34:13 პოლიტიკა

"პრეზიდენტი მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ", – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენება რეალობას აცდენილი იყო.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის ევროპაში ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ ვიზიტთან დაკავშირებით “შესწავლას” დაიწყებენ:

„როგორც ჩანს, ის პირდაპირ თუ ირიბად მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ, ეს არის ფაქტი. მისი განცხადებები და ფაქტები თუ მართლაც რეალობაა, მაშინ ეს შესწავლას საჭიროებს და თუ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუცია დარღვეული, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არის უპირველესი და უზენაესი. საკითხი, რაზეც მან ისაუბრა და მასში მოყვანილი ფაქტები საჭიროებს შესწავლას და თუ ეს მართლაც ასეა, ასეთ შემთხვევაში ვისი საქმიანობაც მოვა კონსტიტუციასთან და კანონთან წინააღმდეგობაში, ვერც პრეზიდენტი და ვერც ნებისმიერი პირი ვერ იქნება კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა, მით უფრო მაშინ, როცა თვითონ ბრძანა, რომ კონსტიტუციის გარანტია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თუკი პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტები მთავრობის დასტურის გარეშე განახორციელა, "კონსტიტუციის დარღვევა" გამოდის და ამ საკითხში "გაერკვევიან":

„ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია. ამ საკითხში გავერკვევით“.

კითხვაზე, ადანაშაულებს თუ არა პრეზიდენტს ტყუილში, კობახიძე პასუხობს:

„თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ, მართალი თქვა, დაურღვევია კონსტიტუცია, გავარკვევთ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის გამოსვლის იმ ნაწილზე, რომელშიც იგი ოპოზიციას აკრიტიკებდა:

„დღეს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგა. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი იყო, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით. ერთიანობისა და ერთობის მოწოდება არის ძალიან კარგი, თუმცა, ამას აქვს საკმაოდ სკეპტიკური მხარეც. იმიტომ, რომ მეორე მხრივ ჩვენ დღეს საქართველოში ჰიბრიდულ ომს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებს ვხედავთ. სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს. თქვენი გამოსვლის შემდეგ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი, მათი ტელევიზიები ზნეს შეიცვლიან და სხვაგვარად ილაპარაკებენ? აღარ დასვამენ შეკითხვას ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის წინაშე უკიდურესად დამაზიანებელს, რაც თქვენც აღნიშნეთ? აღარ გამოვა მათი ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც დარბაზში დღეს საერთოდ არ იმყოფება და აღარ იტყვის ისეთ რაღაცას, რაც გაუგონარია და არ შეიძლება ადამიანმა, რომც გაიფიქრო, თქვა შენი ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ? თქვა, რომ საქართველო უკრაინაში ადამიანების მკვლელობას უწყობს ხელს და შავ ხვრელებს ეძებს პუტინის დასახმარებლად? ამას აღარ იკადრებენ? ამისი რაიმე სახის, თუნდაც, 1%-იანი გარანტია გვაქვს? არ გვაქვს სამწუხაროდ! თქვენ ჩვენ გაგვაკრიტიკეთ, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რაღაც ტერმინებს ვიყენებთ, თუმცა, თქვენვე ბრძანეთ მათი მისამართით ასეთივე ფრაზა - „თქვენ ჩადიხართ და ძირს უთხრით“. თუ ეს არ არის ღალატი და საკუთარი ქვეყნის მტრობა, მაშინ რა დავარქვათ იმას, რომ ისინი მართლა ჩადიან და ძირს უთხრიან საქართველოს. ეს არ არის სწორი საქციელი. თუ დღეს და ამ წუთებიდან ვინმეს თავს ზემოთ ძალა აღმოაჩნდება საიმისოდ ეს რომ არ გააგრძელონ, არც ჩვენ ვუპასუხებთ. ანდა რას ვუპასუხოთ, რაც არ იქნება?! თუ ამას ისინი შეძლებენ და გააკეთებენ, ჩვენ თქვენს მოწოდებას, ბუნებრივია, მხარს დავუჭერთ, მაგრამ ჩვენ ამისი მოლოდინი არ გვაქვს“, - მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს.

მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა, სხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის წარმომადგენლის გაუფრთხილებლად შემოიყვანა:

„გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მიწერეთ წერილი საქართველოს პარლამენტს და ეს ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა".

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის თქმით, "პირადი იყო, თუ ოფიციალური შეხვედრები, მოელოდნენ, რომ პრეზიდენტს ამ თემაზე მეტი ექნებოდა სალაპარაკო, ვიდრე სასაყვედურო, რომ ოფიციალურად არ გაუშვეს":

„კონსულტაციების გარკვეული აუცილებლობა არსებობს და არის მეორე საკითხი, არსებობს კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულებები, რომელიც აქვს პრეზიდენტს. არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც რასაკვირველია, შეუძლია, პირადი შეხვედრები ჩაატაროს, ინფორმაცია ჩამოიტანოს, თუმცა ასეთი ინფორმაცია ჩვენ ნაკლებად ვიხილეთ. პირადი იყო, თუ ოფიციალური, მოველოდით, რომ ამ თემაზე უფრო მეტი ექნებოდა სალაპარაკო, ვიდრე სასაყვედურო, რომ იგი ოფიციალურად არ გაუშვეს“.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მხოლოდ სიფრთხილე კი არ უნდა დაარქვას მთავრობის პოზიციას, არამედ უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია ამ სიფრთხილის დაუცველობით საქართველოსთვის პრობლემების შექმნა.

"როდესაც ამბობ, რომ ოპოზიცია ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს, აკეთებს განცხადებებს, რომელიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც საქართველოშია, მეორე მხრივ, არ უნდა თქვა, რომ საქართველოს არ აქვს გამოყენებული ის რესურსი, რომელიც მას შეუძლია, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს, ვინაიდან ჰელსინკის საბჭომაც კი და ბევრმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ აპლოდისმენტების ღირსია ის პოზიცია – საქართველო, პატარა, ათასგზის პრობლემაშექმნილი რუსეთის მხრიდან, უამრავი გამოწვევა და მაინც როგორ მყარად დგას თავის პოლიტიკურ პოზიციაზე. ასე რომ, თუ ეკონომიკური სანქციების თემას ჩვენ შესაბამის განმარტებებს ვაძლევთ, მანაც კეთილი უნდა ინებოს და თქვას, მხოლოდ სიფრთხილე კი არ უნდა დაარქვას იმას, რასაც მთავრობის პოზიცია ჰქვია, არამედ უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია ამ სიფრთხილის დაუცველობით საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და ასე შემდეგ. სულ რომ არ ვიყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ადამიანმა უნდა გადახედოს, რის საფუძველზე გააკეთა ანალიზი მაგალითად ამ ჰელსინკის საბჭომ, კომპეტენტური ამერიკული ორგანიზაციაა, სამთავრობო, სახელისუფლო და შეფასებას აძლევს გარკვეული ანალიზის საფუძველზე. რა ბუნდოვან სიფრთხილეზე ვლაპარაკობთ? პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი გადჭარბების გარეშე, ამ ვითარებაში აბსოლუტურად მოსალოდნელია, მოსალოდნელი ის კი არაა, რომ საქართველოს მიმართ აგრესია იქნება, ბირთვული საფრთხეა მოსალოდნელი. რეგიონში ასეთი ჯახი ხდება, ადამიანების ამხელა მსხვერპლია და რასაკვირველია, ორივე მხარის მიმართ მარტო მოწოდოებები არ არის საკმარისი. აქ უფრო აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი და ამ დროის გამოყენება, მეტი დროის დამატება, რათა ისაუბრო საფრთხეებზე და საფრთხეების თავიდან აცილებაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება დღეს წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო. მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს პოზიციაც და ოპოზიციაც ქვეყნის წინაშე სცოდავენ. მან წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S