Accentnews.ge
ოპოზიციის რეაქცია პრეზიდენტის წლიურ მოხსენებაზე: "მან დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა"

ოპოზიციის რეაქცია პრეზიდენტის წლიურ მოხსენებაზე: "მან დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა"

14/03/2022 10:30:39 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პარლამენტში წარმოთქმული სიტვის გამო მადლობას უხდის.

„მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა“, - აცხადებს გახარია.

„ბევრი მოხსენება მომისმენია საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური და სახელმწიფოს „მეთაურისებრი“, ანუ მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ყველამ ერთად, რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ ის პრობლემები, რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალიც“, - განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის შეფასებას, რომ დღეს, "ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სცოდავს ქვეყნის წინაშე" და თქვა, რომ პრეზიდენტმა ყველას ერთად "მჭლე" სამიანი" დაუწერა.

მან გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაც და თქვა, რომ სწორედ მაშინ გამოყენებული "შავი პიარი" საზოგადოებას ისევ ახსოვს.

"ერთ კონკრეტულ საკითხში მეც დავუწერდი სამიანს ქალბატონ პრეზიდენტს, იმიტომ რომ მტრობამ, შუღლმა, ურთიერთგაუტანლობამ, შავმა პიარმა ამ ქვეყანაში ისტორიულმა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მიაღწია. ასეთი ამბები მერე აღარ იკარგება, ილექება საზოგადოებაში, ადამიანებში, პოლიტიკოსებში. ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენ ყოველ სიტყვას, ყოველ ქმედებას ახლა მაინც, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანას ემუქრება არა მხოლოდ უზარმაზარი საფრთხეები, არამედ გაუჩნდა უზარმაზარი შანსებიც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„გირჩის“ წევრი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა თავისი შინაარსით შემრიგებლური იყო და დეპუტატებმა უნდა გაითვალისწინონ პრეზიდენტის რჩევა შერიგებასთან დაკავშირებით.

ამასთან, იგი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტისგამოსვლა არ იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ისე აღქმული, რომ მას „ნაცობა“ დაბრალდეს:

„ფაქტობრივად, სიტყვა, რაც მომზადებული მქონდა, ძირითადი მესიჯები, რაც უნდა მეთქვა, ამ დარბაზში უკვე გაჟღერდა პრეზიდენტის მიერ, რის გამოც მინდა მადლობა ვუთხრა. იმედი, მაქვს, პრეზიდენტის ამ მწვავე განცხადების შემდეგ, რომელიც თავისი შინაარსით შემრიგებლურია და აქ მყოფ ადამიანებს შერიგებისკენ მოგვიწოდებს, არ იქნება პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მიერ ისე აღქმული, რომ პრეზიდენტს ამის გამო „ნაცობა“ დაბრალდეს".

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლიდან იმ ნაწილზეე გაამახვილა ყურადღება, სადაც ზურაბუშვილი საზღვარგარეთ ვიზიტების დაბლოკვაზე საუბრობს:

"როდესაც პრეზიდენტი მიემგზავრება საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებულ კონსულტაციაზე, მას თანხმობას არ აძლევს პრემიერ-მინისტრი. ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა და უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა".

"ევროპელი სოციალისტების" წევრმა ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ის აღარ არის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორც პრეზიდენტი, ვალდებულია, მისი დიპლომატიური ვიზიტები ქვეყნის გარეთ მთავრობასთან შეათანხმოს:

„საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი კონსტიტუციით შეზღუდულია თავის უფლებებში, მან გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ევროპაში სხვადასხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან შეხვედრების შესახებ პარლამენტისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია. მას უნდა შევახსენო, რომ იგი, მართალია, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს იგი საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა და მას, როგორც პრეზიდენტს, ამასთან შეხება არ აქვს და თუ ის ამ საკითხებით მიდის და აქვს გარკვეული გამოცდილება, ქვეყნის ერთგულია (რაც მას ბევრჯერ დაუმტკიცებია), მაშინ პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს პარლამენტს, მთავრობას, ვინც პოლიტიკას განსაზღვრავს“.

ფრიდონ ინჯიამ ასევე გამოთქვა იმედი, რომ "პრეზიდენტი გაუძლებს ზეწოლას, რომელიც მასზე ხორციელდება". მან არ დააკონკრეტა, თუ ვისგან განიცდის სალომე ზურაბიშვილი ზეწოლას:

„იმედი მაქვს, რომ ჩვენს პრეზიდენტს შესწევს ძალა, ზეწოლას გაუძლოს. პრეზიდენტმა ასევე ბრძანა უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის გამართვის შესახებ. მე კი უშიშროების საბჭოს სხდომაში ისეთი პარტიების მონაწილეობა, რომლებიც თავიანთ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება დღეს წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო. მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს პოზიციაც და ოპოზიციაც ქვეყნის წინაშე სცოდავენ. მან წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S