"ოცნების" წევრი დეპუტატი: "ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პირადი ვიზიტით წავიდა ევროპაში, მე მგონი, მას ამის უფლება აქვს"
14/03/2022 11:05:59 პოლიტიკა
"პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პირადი ვიზიტით წავიდა ევროპაში, პირადი ვიზიტის უფლება მას, მე მგონი აქვს", – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლაში რაიმე განსაკუთრებულად მიუღებელი არაფერი ყოფილა და ზურაბიშვილის სურვილი, როგორც ზეპარტიული პრეზიდენტის, ერთიანობასთან დაკავშირებით გასაგებია.
"სიტყვა "იმპიჩმენტი", რაზეც კითხვა ჟურნალისტებმა დასვეს, არავითარ კავშირში არ არის არც პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლასთან და არც არავის გეგმებთან. ჩვენ ყველა შემთხვევაში, ყველა ერთობის ფორმატი უნდა გადავწყვიტოთ კონსტიტუციის ფარგლებში. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა არის ის ორგანო, რომელიც საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში ქვეყანას წარმოადგენს ქვეყნის გარეთ, პრეზიდენტიც წარმოადგენს, მაგრამ მას ამასთან დაკავშირებით სჭირდება მთავრობის თანხმობა. რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობის ყველა ფორმატზე თანახმა ვართ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში. სალომე ზურაბიშვილი როგორც მან აღნიშნა, შემდეგ პირადი ვიზიტით წავიდა, პირადი ვიზიტის უფლება მას მე მგონი აქვს. პრეზიდენტს სურს, უფრო მეტი ერთიანობა იყოს ქართულ პოლიტიკაში და უფრო მეტი ფორმატი იყოს, რაც ამ ერთიანობას უზრუნველყოფს. თავისთავად, პრეზიდენტის, როგორც ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურის პოზიცია და მისი კონსტიტუციური ვალდებულებაც სწორედ აქ არის. აქედან გამომდინარე, რაიმე ისეთი განსაკუთრებული მიუღებელი ჩვენთვის არ ყოფილა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება დღეს წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო. მან სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს პოზიციაც და ოპოზიციაც ქვეყნის წინაშე სცოდავენ. მან წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა, ამიტომ მას პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა ვიზიტის განსახორციელებლად. მოგვიანებით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტები მთავრობის დასტურის გარეშე განხორციელდა, „გამოდის, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია“, რაშიც გაერკვევიან.


