Accentnews.ge
სააკაშვილის შეფასებით, ცინიკურია, რომ ზურაბიშვილი ზელენსკის მეგობარს უწოდებს

სააკაშვილის შეფასებით, ცინიკურია, რომ ზურაბიშვილი ზელენსკის მეგობარს უწოდებს

14/03/2022 18:13:25 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ საპარლამენტო გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოხატულ პოზიციას გამოეხმაურა პატიმრობაში ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი მე არაფერი მჭირს, ვინაიდან დანაშაული არ ჩამიდენია. თუმცა, მნიშვნელოვანი გარემოება სხვაა. ზურაბიშვილს ჩემს შეწყალებაზე განცხადება ქართული საზოგადოების გასაგონად არ გაუკეთებია. ამგვარი ფორმით ის გამოეხმაურა უკრაინული მხარის მოთხოვნას, რომელიც ოფიციალური არხებით მიიღო უკრაინის მეომარი ხელისუფლებისგან. ასე გამოხატა მან პრაქტიკაში უკრაინის სოლიდარობა და თანამშრომლობის მზადყოფნა. ამ ფონზე სასაცილო და ცინიკურიცაა, ზელენსკის საკუთარ კოლეგას და, მით უმეტეს, მეგობარს ეძახდეს",– ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილმა გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ:

„ზურაბიშვილს ერთხელ უკვე აქვს გაცხადებული, რომ მე გასასამართლებელი ვიყავი „მძინარე ცხინვალის" დაბომბვისთვის. ახლა კი, როცა ჰააგის ტრიბუნალმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ საკუთარ სამშობლოს ვიცავდით და ომის კანონები არ დაგვირღვევია არც მთავარსარდალს, არც გენერალს და არც რიგითს, ზურაბიშვილი საჭიროდაც არ თვლის, რომ თავის ისტორიულ სირცხვილზე არათუ ბოდიში მოიხადოს და საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს, არამედ ჯიუტად იგივეს იმეორებს. საკუთარ გამოსვლაში მას არც კი უხსენებია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს ისტორიული გამარჯვება ვერც ახსენებდა, რადგან ამის მორალური უფლება დაკარგული აქვს".

ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოების მოლოდინს:

„ზურაბიშვილმა დღეს ასევე გვამცნო, რომ ერთიანობა მას ესმის ფორმულით „ყველას მინუს ერთი“. დღეს ცხადი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ტექსტები ერთიანობაზე, სრული ფიქციაა და მან ბოროტად ისარგებლა საზოგადოების ნდობით და ცინიკურად გაუჩინა ყველას ფუჭი მოლოდინები.

შეუძლებელია საზოგადოება გააერთიანოს მან, ვინც თავად ვერ დადგა თავისი პირადი წყენისა და შურისძიების წყურვილზე მაღლა".

პარლამენტის ტრიბუნიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟუაშვილმა პრეზიდენტს მოუწოდა, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საშუალება, როგორც უკრაინის მოქალაქე, დაბრუნდეს უკრაინაში მაშინ, როცა იქ ომია.

სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური მოხსენებისას კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ აპირებს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებას:

„მე არ და ვერ შევალ, საიდანაც უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია. კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S