პრემიერ–მინისტრი: "პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი"
15/03/2022 09:12:58 პოლიტიკა
"მე აღარ გავიმეორებ იმას, რაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში იყო", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი".
"„მე აღარ გავიმეორებ იმას, რაც ჩვენი პოლიტსაბჭოს წერილში იყო ახსნილი, განმარტებული. მე ერთს დავამატებდი, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე და პირველ რიგში, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გვევალება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მოვალეობა, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი, ანუ კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ამდენი გამოწვევა და პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური თუ ტერიტორიული პრობლემები, თუ სხვა, რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესები, ამ დროს, ასეთ ვითარებაში გვიწევს საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი. ამ ყველაფერს განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომ იგი ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.",– განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს.
ცნობისთვის: 14 მარტს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით წარსდგა. მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც ქვეყნის წინაშე სცოდავენ. მან წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა, ამიტომ მას პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა ვიზიტის განსახორციელებლად.


