ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ დაბლოკა მთავრობამ საზღვარგარეთ პრეზიდენტის ვიზიტები
15/03/2022 09:22:57 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ დაბლოკა მთავრობამ საზღვარგარეთ პრეზიდენტის ვიზიტები.
მისი თქმით, როცა რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოს.
„არც მაშინ, არც ახლა, მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში – ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებდი: ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობასთან უნდა თანხმდებოდეს“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან გამოთქვა ვარაუდი, რომ პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა, ამიტომ მას პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა ვიზიტის განსახორციელებლად. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგომისას 14 მარტს განაცხადა:
„როდესაც საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, გაუგებარია პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები: 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალურ ფორმატი. ასეთ დროს, საჭიროდ მივიჩნიე საკუთარი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია. შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს. მქონია, რომ ჩვენი 40–წლიანი გამოცდილება დიპლომატიასა და სტრატეგიულ საკითხებში და ამ პერიოდის მანძილზე შეძენილი პირადი კონტაქტები ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ვიდრე დასაკარგი“.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლიდან მეორე დღესვე ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას იწყებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი არ ჰყავს.


