სამადაშვილი - „ოცნებას“: "ფაქტობრივად დააანონსეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება, რადგან მან დააფიქსირა ის პოზიციები უკრაინის მხარდაჭერის, რომელიც, სრულ აცდენაშია "ოცნების“ პოზიციებთან"
15/03/2022 10:00:04 პოლიტიკა
პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და შეაფასა მათი პარტიის განცხადება, რომლის თანახმად მთავრობა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.
„დღეს, როდესაც დააანონსეთ, ფაქტობრივად, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის მზადება, მე იძულებული ვარ შეგახსენოთ, რომ თქვენ დღეს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას უთხარით, რომ იწყებთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას და დევნას იმისთვის, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის, აქ პარლამენტის წინ მოედანზე იმისთვის, რომ ის შეხვდა პრეზიდენტ მაკრონს და პრეზიდენტ შარლ მიშელს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და ევროკავშირში გაწევრიანების მომავალზე ესაუბრა და იმისთვის, რომ გაბედა და დააფიქსირა ის პოზიციები უკრაინის მხარდაჭერის, რომელიც, ცხადია, არის სრულ აცდენაში “ქართული ოცნების“ პოზიციებთან, მაგრამ სრულად სინქრონიზირებულია ცივილიზებული მსოფლიოს და დასავლეთის პოზიციებთან“, - თქვა სალომე სამადაშვილმა.
მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს.
ცნობისთვის: 14 მარტს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით წარსდგა. მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც ქვეყნის წინაშე სცოდავენ. მან წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა, ამიტომ მას პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა ვიზიტის განსახორციელებლად.


