Accentnews.ge
მდინარაძე – ზურაბიშვილის ევროპაში წასვლაზე: "რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო ამის?"

მდინარაძე – ზურაბიშვილის ევროპაში წასვლაზე: "რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო ამის?"

15/03/2022 10:00:59 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "პრეზიდენტის საგარეო შეხვედრები ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შედეგის მომტანი არ ყოფილა".

მისი თქმით, პრეზიდენტის კომპეტენცია საგარეო პოლიტიკის წარმოება არ არის და არსებობს ერთადერთი დაშვება, რომ მან საგარეო ურთიერთობებში წარმოადგინოს ქვეყანა, ისიც მთავრობის თანხმობით.

"სამწუხაროდ, საჭირო გახდა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და კომპეტენციები განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან პრეზიდენტის მხრიდან მისივე აღიარებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, რაც მოხდა არაერთ შემთხვევაში. დღეს მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია, თანხმობის გარეშე რომ განახორციელა ვიზიტი ეს დარღვევაა, მაგრამ პოლიტსაბჭოზე ასევე გავიგეთ, რომ წერილობითი უარი ჰქონდა იმ ორგანოს მხრიდან, რომელსაც აქვს უფლებამოსილება საგარეო სფეროში განახორციელოს ქვეყნის პოლიტიკის აღსრულება, მისი წარმომადგენელი მიწვეული იყო სპეციალურ სხდომაზე, მთავრობის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც განემარტა გარკვეული რისკების შესახებ და იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელება არ შეუძლია. განუმარტეს, რატომ უნდა ყოფილიყო რთულ სიტუაციაში ქვეყანაში და რატომ არ შეიძლებოდა დაეგეგმა შეუთანხმებლად შეხვედრები. ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, პოპულისტური ხომ არ იყო ეს ნაბიჯები, მომგებიანი თემაა მისთვის, ვინც ამას აკეთებს. რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო ამის? შეხვდა მაღალი თანამდებობის პირებს, რაც ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ამ შეხვედრების შედეგების შესახებ ერთი სიტყვა მოისმინეთ? ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო მობრძანებული, რომელიც გვეუბნებოდა, რომ პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს მოხსენება, ერთი სიტყვაც არ მოგვისმენია გარდა ზოგადი ფრაზებისა. პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ამის აღსრულებას, პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება, მას აქვს ბევრი სიმბოლური, ცერემონიული კომპეტენეცია და არსებობს ერთადერთი დაშვება, რომ მან საგარეო ურთიერთობებში წარმოადგინოს ქვეყანა, ისიც მთავრობის თანხმობით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს.

ცნობისთვის: 14 მარტს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით წარსდგა. მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც ქვეყნის წინაშე სცოდავენ. მან წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დაბლოკა, ამიტომ მას პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა ვიზიტის განსახორციელებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S