"ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უკრაინის 4 100 მოქალაქე ჩამოვიდა"
15/03/2022 11:46:07 პოლიტიკა
"დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უკრაინის 4 100 მოქალაქე ჩამოვიდა", – ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, "ისინი ძირითადად აგრესორი ქვეყნიდან გამორბიან".
"უკრაინელები საქართველოში შემოსვლას 2022 წლის 24 თებერვლიდან იწყებენ. ისინი ძირითადად აგრესორი ქვეყნიდან გამორბიან. ჩვენი საელჩო აგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი, მათ შორის თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან“, – განაცხადა კასიანოვმა.
იგი ასევე ამბობს, რომ არ წყდება ჰუმანიტარული დახმარებები კერძო პირებისა და ბიზნესებისგან. არსებობს ასევე დახმარების პუნქტები, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებაშია შექმნილი.
ამასთან, კასიანოვი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებსაც გამოეხმურა და მას მადლობა გადაუხადა:
"მადლობლები ვართ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა".


