სალომე ზურაბიშვილი უარყოფს ინფორმაციას კიევში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ
15/03/2022 16:05:08 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, იგი პოლონეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად გეგმავდა კიევში ჩასვლას.
„კატეგორიულად უარვყოფთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაძაბვისთვის გავრცელებულ ამ ინფორმაციას! მოვითხოვთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მიმდინარე წლის 26 თებერვალს, წერილობითი უარი მიიღო მთავრობისგან პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. თუმცა, საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა და ასე გაემგზავრა საზღვარგარეთ.
პრეზიდენტის ეს განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია და 15 მარტს თქვა, რომ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.


