გერმანიის ელჩი: "ევროკავშირი ეპატიჟება ასოცირებულ ქვეყნებს, შეუერთნენ სანქციებს"
16/03/2022 11:04:30 პოლიტიკა
გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქრინშის განცხადებით, ევროკავშირი ეპატიჟება ასოცირებულ ქვეყნებს, შეუერთნენ რუსეთის წინააღმდეგ ორგანიზაციის მიერ დაწესებულ სანქციებს.
„ევროკავშირი ეპატიჟება ასოცირებულ სახელმწიფოებს, შეუერთდნენ მის მიერ დაწესებულ სანქციებს. რას ნიშნავს ეს საქართველოს შემთხვევაში, ანუ რა შეუძლია და უნდა გააკეთოს საქართველომ, არის დისკუსიის საგანი, რომელსაც ვაწარმოებთ საქართველოს მთავრობასთან. მე ველოდები, რომ ეს დისკუსია წინ წაიწევს და გამოიღებს შედეგს უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ქნირშმა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირი და გერმანია მზად არიან, ხელი შეუწყონ ქართული პროდუქტის ექსპორტს ევროპაში:
"ეს ომი არის გამძლეობის ტესტი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე არამედ ეკონომიკაშიც. საზოგადოების მედეგობა ეკონომიკაზეა დამოკიდებული. ქართულმა ბიზნეს სექტორმა ბევრი იცის ამ ვითარებაზე, მათ იციან რისკების შესახებ რაც ელოდებათ და მსჯელობენ როგორ შეამცირონ ეს რისკები და გააძლიერონ საქართველოს ეკონომიკა ამ პროცესში. ერთი მიმართულება არის ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გაფართოება რომ განვახორციელოთ მეტი ქართული პროდუქტის ექსპორტი. ახლა არის დრო რომ მხარი დავუჭიროთ და გავზარდოთ ეკონომიკური და ბიზნესკავშირები, ევროკავშირი და გერმანია არიან მზად ხელი შეუწყონ ამ წინსვლას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2006 წელს ემბარგო დაადო ქართულ ღვინოს, გაიზარდა ღვინის ექსპორტი ევროპაში და ეს მოდელი უნდა გავიმეოროთ სხვა დარგებშიც".


