ანზორ ბიწაძე: “საქართველოს პოზიცია, როგორც ოკუპირებული ქვეყნის, არანაკლებ მნიშვნელოვანია"
16/03/2022 11:59:01 პოლიტიკა
"ზუსტად მაშინ, როდესაც ყველაზე ძალიან გვჭირდება უკანასკნელი წლების მანძილზე, ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება და ეროვნულ ღირებულებებზე მდგომი პოლიტიკური სპექტრი, ტრაგიკომიკური ვითარება მივიღეთ", - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.
მისი განცხადებით, "უკრაინაში არსებულ ომთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება საქართველო":
"საქართველოს პოზიცია , როგორც ოკუპირებული ქვეყნის, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი გაცილებით უფრო დიდი სახელმწიფოსი, რას ვხედავთ? ჩვენი ქვეყანა დაკავებულია ოლიგარქ ივანიშვილის მიერ თავის დროზე ლობირებული პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრს შორის არსებული დაპირისპირებით. ხომ არავის დაავიწყდა რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის პრეზიდენტია, რომლის წინასაარჩევნო ბანერების ქვეშ ხან ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ეწერა და ხან ივანიშვილის იმ პირადი პრემიერის თუ თანაშემწის, რომელზეც თავად ივანიშვილმა გვითხრა, რაც გინდათ ის დაარქვითო. დღეს სწორედ მათი დანიშნული პრეზიდენტი გახდა მათივე შეტევის ობიექტი. ასეთი საქართველო, ასეთი ხელისუფლებით, ასეთი ინსტიტუტებით და პოზიციით, ვერასოდეს ვერ გახდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და საზოგადოების პროტესტიც უშედეგოდ ჩაივლის".


