Accentnews.ge
დავით ზალკალიანმა ესტონელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

დავით ზალკალიანმა ესტონელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

16/03/2022 14:48:34 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ესტონელ კოლეგასთან ევა-მარია ლიიმეტსთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხილული იყო უკრაინაში რუსეთის აგრესია და მიმდინარე ომის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებასა და საერთაშორისო ძალისხმევაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საქართველოსა და ესტონეთის ურყევ მხარდაჭერას. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობა.

საგარეო უწყბის ცნობით, ევა-მარია ლიიმეტსმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაციას, უკვე მიღწეულ პროგრესს ამ გზაზე და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და თანმიმდევრულად განხორციელებას. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაღრმავება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება.

დავით ზალკალიანი ტელეფონით, აგრეთვე, ესაუბრა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარეს, სენატორ რონ ჯონსონს.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას 2024 წელს გეგმავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა წარადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S