Accentnews.ge
სააკაშვილი: "საქართველოს წინააღმდეგ ძალიან დიდი პროვოკაცია მზადდება"

სააკაშვილი: "საქართველოს წინააღმდეგ ძალიან დიდი პროვოკაცია მზადდება"

17/03/2022 09:18:08 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა 17 მარტს, საკუთარ სასამართლო პროცესზე, რომელზეც საზღვის უკანონო კვეთის საქმე განიხილება,უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში რუსეთი ომს წააგებს, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ "წაგებიდან ყურადღების გადასატანად" საქართველოში მოაწყობს პროვოკაციებს.

სააკაშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურებიდან და ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურიდან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ:

"საუბარია იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რაც დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად და ამავე დროს პრაქტიკულად გაანეიტრალოს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა. ეს არის რაც იგეგმება. თქვენ იცით, რომ უკრაინას ელაპარაკებიან ახლა ნეიტრალიტეტზე. უკრაინაში ნეიტრალიტეტი სულ სხვა რაღაცას ნიშნავს: ეს არის კარგად, მაგრად შეიარაღებული უკრაინა ამერიკიდან უსაფრთხოების გარანტიებით. ჩვენი ნეიტრალიტეტი ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება. აი ეს გეგმა მზადდება" - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა ვიდეორგოლზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე გამოჩნდა ქართულენოვან ინტერნეტში, დასპონსორებულ კონტენტად, სადაც რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი საუბრობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იარაღით დაბრუნების შესაძლებლობებზე უკრაინაში ომის პარალელურად:

"მინდა, მოვუწოდო ყველა ჩემ კოლეგა პოლიტიკოსს - ახლა მათ უნდათ რომ ჩვენ წამოგვაგონ პროვოკაციაზე. ესენი ამზადებენ პროვოკაციას და ამ პროვოკაციას ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ. არც ერთი მოწოდება არ უნდა წამოვიდეს იმ მოწოდებით, რომ ჩვენ სადღაც უნდა წავიდეთ და რაღაც ავიღოთ".

სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხებისა და საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შემდეგ მართლაც დაიწყება სოხუმისა და ცხინვალის რეინტეგრაცია საქართველოს შემადგენლობაში.

სააკაშვილის განმარტებით, ეს იქნება მშვიდობიანი და ნებაყოფლობითი პროცესი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S