კელი დეგნანი: "საქართველოსგან ინდივიდუალურ სანქციებს არავინ ითხოვს"
17/03/2022 11:03:21 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვს რუსეთისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, თუ ეს ქვეყნის მთავრობას არ სურს, მაგრამ მისგან მოელიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში ყოფნას.
დეგნანი აღნიშნავს, რომ საქართველო ამ მიმართულებით წლების განმავლობაში კარგი პარტნიორი იყო და რომ ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლას, შედეგებს მოიმკიან:
„ნათლად ვიტყვი, არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს ორმხრივი სანქციები, თუ ეს ასურთ. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. თუმცა, რასაც მოველით ყველა ქვეყნისგან, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგას, საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში ყოფნაა. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო ამ მიმართულებით, იქნებოდა ეს ირანის თუ სხვა ქვეყნის, რომლებიც საქართველოს, აშშ-ის და მსგავსი ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია განვასხვაოთ რაზე ვსაუბრობთ. საქართველო თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან. ბევრი სანქცია პირდაპირ არ ეხება საქართველოს. ამასთან, არის შედეგები ყველა ქვეყნისთვის, რომელიც არ არის თანხვედრაში საერთაშორისო სანქციებთან, ეს ყველამ ვიცით. ვფიქრობ მთავარია რომ ყველა ერთიან მესიჯს ვაგზავნით“ – აცხადებს კელი დეგნანი.
22–ე დღეა, რუსეთი უკრაინაში უმოწყალოდ ბომბავს მათ შორის სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს. დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, საქართველოს ხელისუფლება მათ არ უერთდება „ეროვნული ინტერესების“ მოტივით.


