Accentnews.ge
კადიროვი ჩეჩნეთ–საქართველოს გზას კვლავ უმიზნებს

კადიროვი ჩეჩნეთ–საქართველოს გზას კვლავ უმიზნებს

17/03/2022 11:27:03 კავკასია

რუსეთში ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ გზის აღდგენის საკითხი კვლავ დააბრუნეს პოლიტიკურ რიტორიკაში. ამჯერად თემა კვლავ მას შემდეგ წამოიჭრა, რაც 15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში საგანგებო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქისა და რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების გაფართოებულ შეხვედრაზე ამ გზის საჭიროებაზე ისაუბრეს. კერძოდ, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა მუსლიმ ხუჩიევმა განაცხადა, რომ „ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს საკუთარი ტერიტორიიდან საქართველოს რესპუბლიკასთან სასაზღვრო გადასასვლელის ორგანიზებისთვის“ და ამ გზას „ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის ფედერაციისთვის“.

ინფორმაციისთვის: საუბარია ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ 1998 წელს რუსეთის ბლოკადის გარღვევისა და საქართველოს გავლით გარე სამყაროსკენ დერეფნის შექმნის იმედით გაყვანილ გზაზე. მაშინ მოსკოვისა და თბილისისთვის მოულოდნელად, ჩეჩნურმა ავტოსაგზაო ტექნიკამ მდინარე არგუნი გადმოკვეთა და ქართულ ტერიტორიაზე გზის სოფელ შატილამდე გაგრძელების სამუშაოები წამოიწყო. თბილისმა გროზნოს საქართველოს ტერიტორიიდან ტექნიკის სასწრაფოდ გაყვანა მოსთხოვა. ეს ინციდენტი ამ მთიან მხარეში ქართველი მესაზღვრეების მუდმივმოქმედი საგუშაგოს ორგანიზების მიზეზად იქცა. ამავე რაიონში მდებარეობს სადღეისოდ რუსეთის სასაზღვრო ჯარების სამხედრო ბაზაც.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური გზა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე გადის, რომელსაც საქართველოს სამხედრო გზას უწოდებენ ხოლმე.

თემას პერიოდულად აჟღერებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი: 2014 წელს მან ეს საკითხი მოულოდნელად წამოჭრა პრეს-კონფერენციაზე.

"საქართველოსკენ როგორც საავტომობილო, ისე რკინიგზის გაყვანას ვგეგმავთ. ამჟამად ამაზე მთავრობა მუშაობს" – განაცხადა ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა მაშინ და იქვე დასძინა, რომ “მანამდე ამას ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშლიდა ხელს”.

2019 წლის ნოემბერში კადიროვმა გზა კვლავ გაიხსენა და განაცხადა, რომ “მისი გახსნა საქართველოსთან ლოჯისტიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობას შექმნიდა”:

"ჩეჩნურ დაბა იტუმ-ყალიდან საქართველომდე სულ 40-50 წუთის სავალია და იქ ჩვენ გზა გვქონდა. თუ გზა გაიხსნება, იქიდან თურქეთის გავლით ადამიანი უკვე ევროპამდე ჩავა. ჩრდილოეთ კავკასიისთვის ეს აუცილებელი გზაა, ისევე, როგორც რკინიგზა".

იმავე წელს გამართულ დიდ წლიურ პრეს-კონფერენციაზე კადიროვის გეგმებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც დაუჭირა მხარი, რომელმაც გზის აღდგენას “მიზანშეწონილი” უწოდა.

გზა გაიხსენა კადიროვმა გასული წლის ზაფხულში “ინსტაგრამში” პირდაპირი ჩართვისასაც და ირწმუნებოდა, რომ საკითხი “განხილვის დონეზეა”.

თბილისის პოზიცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

უწყება აღნიშნავს, რომ გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია არის მცდარი.

საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედიასაშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც“.

თემაზე ჰკითხეს საქართველოში აშშ–ის ელჩსაც. საპასუხოდ კი დიპლომატმა აღნინა, რომ ახალი დაპირების გაცემამდე რუსეთმა ძველი უნდა შეასრულოს:

„როგორც მახსოვს, ეს გზა არის საკმაოდ ძველი პროექტი და დაახლოებით 1970-1980-იან წლებში იყო დაპროექტებული. თუმცა, აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ვიდრე რუსეთი რაიმე ახალ პროექტებზე, გზებსა და დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია, შეასრულოს 2008 წელს მიღწეული შეთანხმება, დაპირებები და გაიყვანონ პირველ რიგში რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. მთავარია, რომ მათ შეასრულონ ის დაპირებები, რომლებიც აღებული აქვთ 2008 წლის ომის შემდეგ, შემდეგ ისაუბრონ დანარჩენ დაპირებებზე“.

ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხსენებული გზა შესაძლოა, საქართველოსთვის საინტერესო ყოფილიყო მაგალითად, იჩქერიის [ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ საქართველომ აღიარა 1991 წელს და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა – რედ.] არსებობის პირობებში: იმხანად საქართველოს შეეძლო, ჩეჩნეთი რუსეთისგან სრულად დისტანცირების პროცესში ჩრდილოეთ კავკასიაში სტრატეგიულ მოკავშირედ განეხილა. თავად ჩეჩნეთისთვის კი ამ გზას დანარჩენ სამყაროსთან რუსეთისგან დამოუკიდებლად დამაკავშირებელი ერთადერთი არტერიის პოტენციალი ექნებოდა, მაგრამ დღეს მოცემულობა კარდინალურად განსხვავებულია: იჩქერია აღარ არსებობს, ჩეჩნეთს კი კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი მართავს და არსებობს ხსენებული მონაკვეთის, მათ შორის, სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეც. ამიტომ, საქართველოში, მიუხედავად რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე – ლარსზე კლიმატური პირობების გამო ხშირად შექმნილი პრობლემებისა, ახალი გზების საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან. ანალოგიური მღელვარება მოჰყვა ავარო–კახეთის [დაღესტნიდან საქართველოსკენ მომავალი – რედ.] გზის შესაძლო განახლებაზე საუბარსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S