მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ "დასალაგებელი" არ არის, მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარსდგება თუ არა საქართველოს პარლამენტის წინაშე
17/03/2022 20:34:30 პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციის დეპუტატების ინიციატივას, საქართველოს პარლამენტის წინაშე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის შესახებ.
„ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შორის, ასეთი საკითხები, გვარდება, ლაგდება და თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ასეთ თემებს ალაგებენ ხელისუფლებები ერთმანეთთან მოლაპარაკებების გზით, რომელი მოლაპარაკებებიც კიდევ ასე საჯაროდ არ ხდება, ხდება დახურულ ფორმატში. ამიტომ ხატია დეკანოიძის, „ნაცმოძრაობის“ და ომის და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარსდგება თუ არ წარსდგება, რის გამო წარსდგება თუ რის გამო არ წარსდგება საქართველოს პარლამენტის წინაშე", - თქვა მდიონარაძემ.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პლენალურ სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პრეზიდენტი მზად არის საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს.
ინიციატივა თავდაპირველად დააყენა „ლელო საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
„მინდა წინადადება გავაჟღერო და მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს, რომ „ლელო საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში მოიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით, ისევე როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო," - განაცხადა სამადაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა 17 მარტს პირდაპირი ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა გერმანიის პარლამენტის წევრებს. მანამდე მიმართა აშშ-ის კონგრეს, ბრიტანეთის პარლამენტის, სიტყვით გამოვიდა ევროპის კავშირის კანონმდებლების წინაშეც.


