“უფლებები საქართველო”: "მმართველი გინდი პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური დავის დაწყებისთვის კანონმდებლობას ცვლის"
20/03/2022 06:06:23 პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”კანონში ცვლილებების შეტანა პრეზიდენტის წინააღმდეგ დავის დაწყებისთვის სურს.
“19 მარტს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით აფართოებს იმ ქმედებების ჩამონათვალს, რაც საფუძვლად შეიძლება დაედოს კომპეტენციების შესახებ დავას. [...] სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმატიული აქტით ხდება ორგანოთა შორის კომპეტენციის დარღვევა, არამედ აგრეთვე მაშინ, როდესაც იგივე შედეგს იწვევს მოქმედება ან/და უმოქმედობა”, – აცხადებს ორგანიზაცია.
“უფლებები საქართველო” მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების საკითხს.
"დაუშვებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის უფლებამოსილებების გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად და სახელმწიფო ორგანოთა/თანამდებობის პირთა დასჯის მექანიზმად.
ცალსახაა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები პირდაპირ მიმართულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ქმედებებისა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების წინააღმდეგ", – აცხადებს ორგანიზაცია.
თავად კანონპროექტის ავტორების თქმით, ცვლილებების მიზანია ზემოხსენებული კანონის შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციასთან.
“უფლებები საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებებს და უზრუნველყოს კანონპროექტის განხილვა შესაბამისი ექსპერტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
საუბარია კანონპროექტზე, რომლის ავტორებიც მმართველი გუნდის წევრები – ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი რატი იონათამიშვილი – არიან. მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაცია თავდაპირველად “პირველმა არხმა” და “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელეს. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, კანონპროექტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.


