"საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს"
22/03/2022 08:50:41 პოლიტიკა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს.
მისი თქმით, არც ერთი ნაბიჯი არ უნდა იყოს უკან გადადგმული და არც ერთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული საერთაშორისო პარტნიორების გარეშე.
„ნეიტრალიტეტის თემა საკმაოდ რთულია, რადგან უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, პროცესები როგორ ვითარდება, რა პოზიცია უკავია ნატო-ს, თავად უკრაინას. ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობის საკმაოდ გრძელი ისტორიაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საერთაშორისო უსაფრთხოებას ნატო-სთან ერთად. საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. ამ თემასთან დაკავშირებით კრემლის მოთხოვნაზე საუბარი რელევანტური არ იქნება. იმ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისთან ერთადაც ბრძოლაში ამდენი წელი გამოვიარეთ და ვისთან ერთადაც ვაპირებთ მომავალში დგომას. აქ მთავარი და გადამჭრელი ხელისუფლების პოზიცია არ არის. ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა მართებთ ამ თემის. როცა ნატო-ს წევრობაზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, ეს გზა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უსაფრთხო, რადგან ჩვენს პარტნიორებს შესწევთ უნარი, უსაფრთხოება უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება, ნატო-ს წევრობის პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია ქვეყანამ არ უნდა შეცვალოს. არის საკითხები და არა მხოლოდ ნატო, არამედ რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება, პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს. საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის: 17 მარტს სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმის განხილვისას ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის თქმის უფლება გამოიყენა და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურებიდან და ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურიდან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ:
"საუბარია იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რაც დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად და ამავე დროს პრაქტიკულად გაანეიტრალოს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა. ეს არის, რაც იგეგმება. თქვენ იცით, რომ უკრაინას ელაპარაკებიან ახლა ნეიტრალიტეტზე. უკრაინაში ნეიტრალიტეტი სულ სხვა რაღაცას ნიშნავს - ეს არის კარგად, მაგრად შეიარაღებული უკრაინა ამერიკიდან უსაფრთხოების გარანტიებით. ჩვენი ნეიტრალიტეტი ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება. აი, ეს გეგმა მზადდება".


