"უღირსები ხართ": წულუკიანთან კომენტარზე სამი არხის ჟურნალისტები არ დაუშვეს
22/03/2022 15:34:42 პოლიტიკა
ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხების - "TV პირველის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები კულტურის სამინისტროს ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს და მოგვიანებით არც კულტურის მინისტრის კომენტარის ჩაწერის საშუალება მისცეს. ღონისძიებას დაესწრნენ: "იმედის", "პირველი არხის", "რუსთავი 2"-ის, "პოს ტვ"-სა და "ობიექტივის" გადამღები ჯგუფები.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიიწვიეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ღონისძიებაზე.
„იმიტომ, რომ უღირსი ტელევიზია ხართ“,– უპასუხა კითხვას კულტურის მინისტრმა.
ღონისძიებაზე ოპერატორის გარეშე შესვლა შეძლო "TV პირველის" ჟურნალისტმა, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, რატომ არ უშვებდნენ მის ოპერატორს კომენტარის ჩასაწერად.
"აბა, მე რა ვიცი... დადექი და ჩაგეწერები... აი, პრესსამსახურს ელაპარაკეთ", - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტს.
საქმეში გარდა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა, ჩაერთო პირი, რომელმაც თავი იმ გალერიის ხელმძღვანელად წარადგინა, სადაც ღონისძიება იმართებოდა:
"გამოდი აქეთ, რა საქციელია ეს. მე დირექტორი ვარ... არ შემოგიშვებ [კამერით] იმიტომ, რომ არ ხართ არსად შესაშვები..." - მიმართავდა გალერიის ხელმძღვანელი ჟურნალისტს.


