Accentnews.ge
„აღარ მინდა, ოდესმე გავიგო ის, რაც მეზობელი საკნებიდან მესმოდა“: რვა დღე ოკუპანტების ტყვეობაში

„აღარ მინდა, ოდესმე გავიგო ის, რაც მეზობელი საკნებიდან მესმოდა“: რვა დღე ოკუპანტების ტყვეობაში

22/03/2022 20:38:00 ინტერვიუ

ოლეგ ბატურინმა, ჟურნალისტმა ხერსონის რეგიონიდან, ერთ კვირაზე მეტი ხანი დაჰყო რუსი სამხედროების ტყვეობაში. ის 12 მარტს ნაცნობის თხოვნით მივიდა რკინიგზის სადგურზე კახოვკაში (ქალაქ ხერსონის ოლქში, რომელსაც რუსული საოკუპაციო ჯარი აკონტროლებს), საიდანაც გაიტაცეს. ჟურნალისტი რვა დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

ჟურნალისტმა ტელეკომპანია "Настоящее Время" –ს ეთერში ისაუბრა დეტალებზე, თუ რისი გადატანა მოუხდა თავად და რა პირობებში იყვნენ სხვა ტყვეები.

– ნაცნობმა დამირეკა მეზობელი ქალაქიდან - სერგეი ციგიპამ, რომელმაც შეხვედრა მთხოვა. ის მზად იყო ჩემთან კახოვკაში მოსულიყო და შევთანხმდით სად და რომელ საათზე შევხვდებოდით. მაშინ არ ვიცოდი, რომ ამ საუბრის დროს სერგეი ციგიპა გატაცებული იყო და, როგორც ჩანს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ საუბრობდა. საღამოს ხუთ საათზე ავტოსადგურთან მივედი პაემანზე.

მისი ადგილსამყოფელი თქვენთვის ცნობილია?

– ამ დრომდე უცნობია. მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ ის გაიტაცეს 12 მარტს, დღის პირველ ნახევარში. მე დაახლოებით შუადღისკენ დამირეკა. ცხადია, იმ დროს ის თავისუფალი არ იყო.

შეთანხმებულ ადგილას მივედი. იქვე იდგა პატარა სამოქალაქო მიკროავტობუსი. ამ მანქანიდან გადმოხტნენ ეკიპირებული ჯარისკაცები, "მწვანე კაცუნები" - ისინი ყირიმში ვნახეთ. ნუ, რუსი სამხედროები. თავს დამესხნენ, დამიწყეს ყვირილი: "დაიჩოქე, რა გქვია, გვანახე საბუთები, ტელეფონი!". მათრიეს ასფალტზე, ამ მიკროავტობუსში შემათრიეს, იატაკზე დამაგდეს, ზურგზე ფეხები დამადეს, წიხლებს და ავტომატების კონდახებით მცემდნენ. შემდეგ დაიწყო დაკითხვები. ტყვეობაში ყოფნის პერიოდში, მათ შორის დაკითხვებზეც არც ერთხელ არ წამოუყენებიათ ჩემთვის კონკრეტული პრეტენზია, თუ რა უნდოდათ ჩემგან, რამ განაპირობა ჩემი დაკავება. მაგრამ აშკარად იცოდნენ, რომ ჟურნალისტი დააკავეს, თქვეს კიდეც: „ახლა დარეგისტრირდიო“. ასე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით საუბრობდნენ.

რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზებს - კონკრეტულ სტატიას ან რაიმე აქტს, ან პრეტენზიას, რომ მე დავარღვიე რუსეთის, პლანეტა მარსის კანონი, ან სხვა რამ - მსგავსი არაფერი ყოფილა.

ანუ, უმეტესად თქვენ შენობაში იყავით. ეს რა შენობა იყო? გაწვდიდნენ წყალს, საკვებს? რა მდგომარეობაში იყავით? როგორც მესმის, გცემდნენ, ჟღერდა მუქარა – იყო რაიმე კონკრეტული, რაც თქვენგან სურდათ?

– ჩემთვის ყველაზე საშინელი პირველი დღე იყო, რადგან ბევრი მუქარა მესმოდა – მოკვლით მემუქრებოდნენ. პირველი დღე–ღამე კახოვკაში გავატარე, მეორე დღეს ხერსონში გადამიყვანეს. გადაყვანისას აბსოლუტურად ძლიერი განცდა დამეუფლა, რომ მინდორზე გამიყვანდნენ და დახვრეტდნენ, მაგრამ როდესაც გზა გაგრძელდა, იმედი გაჩნდა, რომ სხვა გეგმა ჰქონდათ.

პირველ საღამოს პატარა ჭიქით მომცეს წყალი, მეორე დღეს – ცოტა სასმელი. საჭმელი კი მხოლოდ ორშაბათს, ანუ დაკავებიდან ორი დღის შემდეგ. მაშინ წყალზე შეუზღუდავი წვდომაც მქონდა. ოღონდ ცხელი არაფერი მოუციათ. პირველ დღეს საპირფარეშოში გასვლის ნებაც არ დამრთეს.

მიმიყვანეს ხერსონში, სადაც დაკითხვები გაგრძელდა. 13 მარტს, საღამოს რამდენიმე დაკითხვის შემდეგ, რომელიც შედგა კახოვკასა და ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციაში, გადამიყვანეს იზოლატორში, რომელიც თანდათან სხვა დაკავებულებით აივსო. მოგვიანებით ამ იზოლატორიდან გამათავისუფლეს.

იზოლატორში არ ვუცემივარ. ჩემს მიმართ ფიზიკურ ძალადობას დაკავებისას და დაკითხვებისას ჰქონდა ადგილი. მცემდნენ კონდახებით და წიხლებით.

თავის არეში გირტყამდნენ?

– საბედნიეროდ, არა,. გვერდებში და ქვედა კიდურების არეში მირტყამდნენ. გადამარჩინა იმან, რომ სქელი ქურთუკი მეცვა. ხელბორკილები ძალიან მჭიდრო იყო. პირველი ღამე გავატარე რადიატორზე მიჯაჭვულმა გაყინულ ოთახში, სკამზე. დღენახევარი ხელბორკილში ყოფნის შემდეგ ხელები ძალიან შემიშუპდა. დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ ჩაცხრა შეშუპება.

ბრძანეთ, რომ სხვა დაკავებულებიც იყვნენ. რა იცით მათ შესახებ?

– ჩემთან ერთად რამდენიმე ადამიანი იყო დაკავებული. როგორც გავიგე, პირველ ღამეს ჩემს მსგავსად სამი-ოთხი ადამიანი იყო მიჯაჭვული მეზობელ ოთახებში. შემდეგ ჩვენი პატარა ჯგუფი კახოვკადან ხერსონში მიიყვანეს. იქ ჩვენი ჯგუფიც დაკითხეს. იქ, სხვათა შორის, ციგიპას გვარი გავიგე, გავიგე მისი ხმაც. ხერსონში მივხვდი, რომ ისიც ჩემსავით დაკავებულთა შორის იყო.

მას შემდეგ, რაც ხერსონში მორიგი დაკითხვებ ჩაატარეს, საკნები სათითაოდ შეგვასახლეს. და ერთი კვირის განმავლობაში იზოლატორი თანდათან ივსებოდა ხალხით. მომეჩვენა, რომ განსხვავებული ადამიანები იყვნენ. ალბათ იყვნენ მოროდიორებიც, მაგრამ ძირითადად იყვნენ დონბასის კონფლიქტის ვეტერანები. მათთან გაცილებით მკაცრი საუბრები ჰქონდათ. ცხოვრებაში აღარ მინდა მოვისმინო ის, რაც მესმოდა – რაც ხდებოდა მეზობელ საკნებში.

სცემდნენ?

– დიახ.

ყვირილის ხმა გესმოდათ?

– დიახ.

ფიქრობთ, რომ აწამებდნენ?

– დიახ.

როგორ ფიქრობთ, რატომ დაგაკავეს?

– დამრჩა მკაფიო განცდა, რომ დამაკავეს ზოგიერთი ჩემი არაკეთილმოსურნის ცნობების საფუძველზე – ადგილობრივი კოლაბორანტების, რომელბიც ამ „გამანთავისუფლებლებთან“ თანამშრომლობენ. ცხადია, ჟურნალისტური საქმიანობის გამო. როცა დამკითხეს, რა თქმა უნდა, მკითხეს, სად ვმუშაობდი. აღნიშნეს, რომ იცოდნენ, ვინ იყო მათ წინაშე.

ახლა თავს როგორ გრძნობთ?

– პირველი ორი დღე გამიჭირდა, რადგან ვერ ვიძინებდი, მაგრამ ახლა უკეთ ვარ. როგორც პატიმრობის, ისე გათავისუფლების დროს ძალიან მამხნევებდა ფიქრსი ახლობლებზე, კოლეგებზე, ნაცნობ და უცნობ ადამიანებზე, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. ეს არის ალბათ ერთადერთი რამ არის, რამაც იმედი მომცა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ, ძალიან მადლიერი ვარ ამ გამოხატული მხარდაჭერის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S