"ვინც დღეს საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბრობს, ამ ქვეყნის მტერია"
23/03/2022 11:05:28 პოლიტიკა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვინც დღეს საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბრობს, ამ ქვეყნის მტერია.
"სალომე სამადაშვილი თავისი ბოდვებით გამოირჩევა და მისი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი ბოდვაა. ის კომიტეტის სხდომებზე გამოირჩევა თავისი მასხარაობით და მისი დღევანდელი განცხადება არის მორიგი მასხარაობა, რადგან სალომე სამადაშვილს ვერ ექნება ვერანაირი ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, მასზე საუბარი ვინ დაიწყო? – 17 მარტს მიხეილ სააკაშვილმა. ვინც დღეს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, არის ამ ქვეყნის მტერი. დღეს ნეიტრალიტეტის არანაირი საკითხი არ დგას, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ამოცანაა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. ეს ის ჩანაწერია, რომელიც სხვათა შორის, 2017 წელს კონსტიტუციაში ჩვენ გავაკეთეთ და ამ კურსს მივყვებით. ვისაც ამ თემების შემოგდება უნდა, სწორედ ისინი ღალატობენ და მტრობენ ამ ქვეყანას. „ქართული ოცნებიდან“ ნეიტრალიტეტზე არავის საუბარი არ დაუწყია, მედიამ აიტაცა მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ეს არის გაგრძელება იმ მტრული და მოღალატეობრივი პოლიტიკის, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიზანმიმართულად ეწევიან, რათა დააზიანონ ჩვენი ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯი. ცდილობენ, რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამის ხარჯზე მაინც მოვიდნენ ხელისუფლებაში. მინდა, მათ შევახსენო, რომ ქართული საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და მათი ეს მცდელობაც წარუმატებელი იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მანამდე, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ "ნეიტრალიტეტის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს მიღებული გზავნილი რუსეთისგან":
"ჩემი ინფორმაციით, ნეიტრალიტეტის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს მიღებული გზავნილი რუსეთისგან. რუსეთმა დახურული ხაზებით ხელისუფლებაზე ზეწოლა უკვე დაიწყო. ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსიროს, რაც კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო ნატო–ს წევრი სახელმწიფო გახდება და ამ ჩანაწერის გადახედვას არავინ აპირებს. გარდა ამისა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ პარლამენტს ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციის პროექტი წარვუდგინეთ. მიმაჩნია, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვა და მიღება ნეიტრალიტეტის საკითხზე ხელისუფლების ყველაზე სწორი პასუხი იქნება".


