"ოცნებაში" არასამთავრობოების კრიტიკას პასუხობენ: "მათი ნაწილი ენმ–ის არის და მათ მიერ გავრცელებული განცხადებაც არაფერს ნიშნავს"
23/03/2022 11:17:24 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მათი განცხადებები არაფერს ნიშნავს.
"ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცით, ნაწილი არის "ნაციონალური მოძრაობის" თავიანთი ქმედებებით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით. ასე რომ, მათი განცხადება ამასთან დაკავშირებით, პირადად ჩემთვის არაფერს ნიშნავს", - განაცხადა კალაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ იზიარებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც:
"მათგან ასეთ ზედაპირულ კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან თუ მათ ინტერესი აქვთ რომელიმე თემასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია, შევხვდეთ და დეტალურად გავიაროთ საკითხები, თუმცა ასეთი ზერელე და ზედაპირული განცხადებები ვერანაირად ვერ დაეხმარება ვერც ხელისუფლებას და ვერც ქვეყანას, რომ გადადგას ის ნაბიჯები, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მათ განცხადებას არ გავცნობივარ და დეტალები არ ვიცი, რა წერია, მაგრამ არ ვიცი, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერაზე მეტი, რა მხარდაჭერა შეიძლება არსებობდეს დიპლომატიურ არენაზე?! თუ მათ შეუძლიათ, აგვიხსნან, რას ნიშნავს უფრო მეტი მკაფიო მხარდაჭერა. ეს განმარტონ და პროფესიონალურად შეადგინონ თავისი განცხადებები. რაც შეეხება სანქციებს, საქართველო 2014 წლიდან მიერთებულია სანქციებს და ფინანსური სანქციები საქართველოში მუშაობს და ამის ნათელი მაგალითი იყო “ვითიბი” ბანკი. თუ სავაჭრო სანქციებზე საუბრობთ, რუსეთის მიმართ სავაჭრო სანქციები თავად ევროკავშირს და აშშ-ს არ აქვთ დაწესებული. ამიტომ, გაუგებარია რომელ სანქციებზე მიერთებაზე საუბრობენ, რადგან საქართველო ისედაც არ ვაჭრობს რუსეთთან არც მაღალი ტექნოლოგიებით, არც ფუფუნების საგნებით და არც იარაღით“, – განაცხადა სამხარაძემ.


