Accentnews.ge
"მთავარი მოვლენები ახლა უკრაინაში ხდება, მაგრამ ვიმედოვნებ, ნატო-ს სამიტსა და ევროკავშირის მოლაპარაკებებზე არ დაგვივიწყებენ"

"მთავარი მოვლენები ახლა უკრაინაში ხდება, მაგრამ ვიმედოვნებ, ნატო-ს სამიტსა და ევროკავშირის მოლაპარაკებებზე არ დაგვივიწყებენ"

23/03/2022 17:47:18 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მართალია მთავარი მოვლენები ახლა უკრაინაში ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, პარტნიორებს საქართველო და მოლდოვა ახსოვდეთ.

როგორც მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, არავინ იცის, რა რეაქცია ექნება რუსეთს ნახევრად გამარჯვებისა და ნახევრად დამარცხების შემთხვევაში:

„იქნება თუ არა საქართველო მომდევნო, ეს რთული შეკითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველი ვიყავით და ვიმედოვნებ, რომ აღარ განმეორდება, თუმცა დარწმუნებით ვერავინ იტყვის. ასევე ვერავინ იტყვის, თუ რა რეაქცია ექნება რუსეთს დამარცხების შემთხვევაში. არავინ იცის, რა რეაქცია იქნება ნახევრად გამარჯვებისა და ნახევრად დამარცხების შემთხვევაში. ჩვენ უკვე ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს. ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი სამხედრო ბაზაა, რა თქმა უნდა, ძალიან მოწყვლადები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეხედოს საქართველოს, მოლდოვას. რა თქმა უნდა, ცენტრშია უკრაინა, სადაც მთავარი მოვლენები ხდება, მაგრამ ამავდროულად ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს სამიტზე, ევროკავშირის მოლაპარაკებებზე არ დაგვივიწყებენ. ეს არის ბრიუსელში ჩემი ვიზიტის მიზეზი, რათა ვესაუბრო პარტნიორებს, რომ საქართველო ახსოვდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

CNN-ის ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან 2005 წლის მოლაპარაკებებზეც ჰკითხა, რა დროსაც ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და პირადად იყო ჩართული ოფიციალურ მოსკოვთან საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. საპასუხოდ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთი დღეს ამ ტიპის მოლაპარაკებების გასამეორებლად მზადაა.

"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ სხვა დრო იყო და ალბათ, განსხვავებული პუტინიც. თუმცა, მოლაპარაკებებში უნდა იყო მტკიცე, იცოდე, სად გადის შენი წითელი ხაზები და სად შეგიძლია, კომპრომისზე წასვლა. ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდე, რა შედეგის მიღება გინდა მოლაპარაკებებისგან. ჩვენთვის ძალიან მკაფიო იყო, გვსურდა, რუსულ შეიარაღებულ ძალების ბაზებს ქვეყანა დაეტოვებინათ, ეს მივიღეთ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს გამონაკლისი იყო და სხვაგან არ განმეორებულა, დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთი დღეს მზად არის იმავე ტიპის მოლაპარაკების გაიმეოროს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დასავლეთი გაერთიანდა, რაც რუსეთისთვის სიგნალი უნდა იყოს, რომ მის შეჭრას რეაქცია მოჰყვება:

"ვფიქრობ, უკრაინამ გაუწია ფანტასტიკური წინააღმდეგობა ამ შეჭრას, რაც ასევე იხილა დასავლეთმა. დასავლეთმა ახლა უკვე იცის, რომ მხარი უნდა დაუჭიროს. ის გაერთიანდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, სიგნალია რუსეთისთვის, რომ შეჭრას ურეაქციობა აღარ მოჰყვება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S