გაერო-ში 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს
24/03/2022 19:51:07 პოლიტიკა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში დახმარების ხელმისაწვდომობასა და სამოქალაქო პირების დაცვას ითხოვს და რუსეთს "საშინელი" ჰუმანიტარული სიტუაციის შექმნის გამო აკრიტიკებს.
უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა. წინააღმდეგ 5 ქვეყანა (რუსეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა და ბელარუსი) წავიდა. 38-მა სახელმწიფომ, მათ შორის ჩინეთმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
24 მარტს მიღებული რეზოლუცია მშვიდობიანი მოქალაქეების, სამედიცინო პერსონალის, დამხმარე მუშაკების, ჟურნალისტების, საავადმყოფოებისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გულისხმობს. აქვე, საუბარია მარიუოლის ალყის შეწყვეტის აუცილებლობაზეც.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 მარტს მიიღო პირველი რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა. დოკუმენტს მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა.


