
პუტინს სამობილიზაციო რესურსი ელევა
25/03/2022 16:40:45 ანალიზი, მითები და რეალობა
ორიოდ დღის წინ უკრაინულმა სპეცრაზმმა “აზოვმა” გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩეჩნეთიდან წარგზავნილ ჯარისკაცად დასახელებული პირი რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს მოუწოდებს, “ომში ჯერ საკუთარი ნათესავობა გაგზავნოს”. ამავდროულად, ჩეჩნეთის რამდენიმე მკვიდრმა დამოუკიდებელ მედიას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროველები მოსახლეობას, სკოლის მოსწავლეების ჩათვლით, რამზანისა და მისი სპეცრაზმელებისთვის კოლექტიურ საჯარო ლოცვაში მონაწილეობას აიძულებენ. ყარაჩაი-ჩერქეზეთში ადგილობრივმა ქალებმა 24 მარტს გზა გადაკეტეს მოთხოვნით, ხელისუფლებამ უკრაინასთან ომში ძალით წაყვანილი მათი ვაჟების ბედის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს. კრასნოდარის მხარეში კი “როსგვარდიის” 12 თანამშრომელი (სპეცრაზმ "Пластун"-ის წევრები) სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
ეს ინფორმაცია მთელს რუსეთს მალევე მოედო. ამჟამად პოლიციის კაპიტანი ფარიდ ჩიტაევი და სხვა სპეცრაზმელები მათი დათხოვნის შესახებ უკანონო ბრძანების გასაჩივრებას ცდილობენ, რაშიც მათ ადვოკატი მიხეილ ბენიაში ეხმარებათ. როგორც უფლებადამცველი ირწმუნება, იგი “როსგვარდიიდან” და სხვადასხვა საჯარისო დანაყოფებიდან ომში წასვლის არმსურველი პირებისგან უამრავ მიმართვას იღებს. “მას შემდეგ, რაც 12 “ომონელის” ამბავი გახმაურდა, რამდენიმე საათის განმავლობაში 10-მდე ძალოვანმა მომმართა – როგორც “როსგვარდიის”, ისე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილების წარმომადგენლებმა, მოგვიანებით – კიდევ ათობით პირმა და სადღეისოდ მომართვების რაოდენობა უკვე 250-ს აღწევს. ამასთან, თითოეული ასეთი მომართვის უკან არა ერთი, არამედ რამდენიმე მსურველი დგას და მათ განაცხადებს რუსეთის არა მარტო სამხრეთიდან, არამედ სხვა რეგიონებიდანაც ვიღებ” – უამბო “Кавказ.Реалии”-ს ადვოკატმა.
სამხედროების, გვარდიელებისა და მათი ნათესავების დემარშის ტალღა ფრონტიდან ჩასვენებული ცხედრების რეალური რაოდენობისა და რუსული ჯარის წარუმატებლობის შესახებ ცნობების სულ უფრო ფართოდ გავრცელების ფონზე მძლავრდება. ხალხი ნელ-ნელა იგებს, რომ 24 თებერვლიდან დღემდე გასული ერთი თვის განმავლობაში რუსეთმა სულ მცირე, 10 000-მდე სამხედრო დაკარგა, მათ შორის – მაღალჩინოსნებიც, რაც გაცილებით მეტია თავის დროზე ავღანეთში, ჩეჩნეთში და ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოებულ სხვა ომებში განცდილ დანაკარგზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხედრო ტექნიკაზე. ამას მოწმობს არა მარტო უკრაინული მხარის მონაცემები, რომლებიც გარკვეულწილად გაზვიადებული შეიძლება, იყოს, არამედ აშშ-ისა და ბრიტანეთის დაზვერვების, ასევე დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი რუსი ექსპერტების განცხადებებიც.
თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კვლავინდებურად საკუთარი რეალობა აქვს. აგრესიის დაწყების დღიდან გასული ერთი თვის განმავლობაში მან დაღუპულთა მონაცემები მხოლოდ ერთხელ განასაჯაროვა – საწყის ეტაპზე, ისიც - მხოლოდ “500-მდე მოქალაქის” ოდენობით, დღეს კი – მეორედ: “დაღუპულია 1 351, ხოლო დაჭრილია 3 825 სამხედროო”. სამინისტროში ასევე ირწმუნებიან, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში “სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანების შესრულება წარმატებით დაასრულეს“ და “ოპერაცია თავდაპირველი გეგმის მიხედვით გრძელდება”. „ზოგადად, ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. საგრძნობლად შემცირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირება მთავარი მიზნის მიღწევაზე - დონბასის განთავისუფლებაზე“ – განაცხადა დღეს რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა რუდენკომ.
არადა, ექსპერტების უმრავლესობა, რომელიც 24 თებერვლიდან პროცესებს მუდმივ რეჟიმში აკვირდება, თანხმდება იმაზე, რომ რუსული მხარე კიევის უმოკლეს დროში – 2-3 დღეში აღებას გეგმავდა, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში ვერაფრით გააუმჯობესა ომის პირველი კვირის მიღწევები, კონვექციური ბრძოლა ფაქტობრივად წააგო და ახლა უმთავრესად პოზიციურზეა გადასული. ამასთან, რუსეთი ბომბავს, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, თავშესაფრებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რასაც უკვე ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – ბავშვებიც. უკვე არსებობს დადასტურებული მონაცემები რუსული მხარის მიერ აკრძალული, მათ შორის კასეტური, ვაკუუმური და ე.წ. ფოსფორული იარაღის გამოყენებაზეც. რუსული ძალების ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკვე ფასდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, ხოლო საკუთრივ ვლადიმირ პუტინი – სამხედრო დამნაშავედ.
ამასობაში, თუ რუსეთის სახელისუფლებო ცენტრების მიერ წარმოებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს დავუჯერებთ, პუტინისა და უკრაინის მიმართ მისი პოლიტიკის მხარდაჭერის რეიტინგი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. იმაზე, რომ ტოტალური სადეზინფორმაციო პროპაგანდის პირობებში რუსეთის მოქალაქეების 2/3 (ზოგიერთი მონაცემებით კი – ¾) ომს კვლავინდებურად მხარს უჭერს, დამოკიდებელი სოციოლოგებიც მიუთითებენ, თუმცა იმ დათქმით, რომ ეს მონაცემები მთლად ობიექტურად ვერ ჩაითვლება: ქვეყანაში დასადგურებული ტოტალური შიშის პირობებში ხალხი რეალური პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას თავს არიდებსო. ამასთან, დამოუკიდებელი სოციოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ დასავლური სანქციების პირობებში რუსეთში ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნისა და ომში უდიდესი რეალური დანაკარგების შესახებ ინფორმაციის საკმარისად დიდ მასებში გავრცელების ფონზე პუტინისა და მისი პოლიტიკის მხარდაჭერის მაჩვენებლები ვარდნას დაიწყებს.
მეტიც, სპეციალისტები უკვე აფიქსირებენ უკრაინაში წარმოებული “სპეცოპერაციის” შედეგებით იმედგაცრუებას და რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, მსგავსი განწყობა შეიმჩნევა სოფლებშიც, სადაც ხელისუფლების მხარდაჭერა რუსეთის დიდ ქალაქებთან შედარებით, ტრადიციულად უფრო მაღალია. ამ ფაქტს ისინი იმით ხსნიან, რომ მცირე დასახლებებში თანამემამულეთა დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაცილებით სწრაფად ვრცელდება.
ამ პირობებში პუტინს რუსული საზოგადოების მობილიზების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებისა და მით უფრო გაზრდისათვის სულ უფრო მცირე შესაძლებლობები რჩება, - აღნიშნავენ სოციოლოგები. ისინი მიუთითებენ, რომ “ეროვნული ლიდერის” ირგვლივ რუსეთის მოქალაქეთა გაერთიანების ტრადიციულ საშუალებას საფრთხის განცდის გაღვივება და გარე მტრის ხატის გაძლიერება წარმოადგენდა. სწორედ ამ პროპაგანდისტულ ნარატივს იყენებდა პუტინის ხელისუფლება აქტიურად ბოლო 8 წლის განმავლობაშიც. უკრაინაში შეჭრამდე ნახევარი წლით ადრეც კი რუსეთის მოსახლეობის 83%-ს სჯეროდა, რომ ქვეყანა მტრებით იყო გარშემორტყმული. თუმცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, გარე საფრთხის განცდის გაძლიერება პუტინის უფრო პასიურ მხარდაჭერას ქმნის და არა აქტიურს. "კერძოდ, დიდი ნაწილი მოქალაქეებისა, რომლებმაც დაიჯერეს რუსეთზე შესაძლო თავდასხმის, პუტინს არა იდეალურ ლიდერად აღიქვამს, არამედ მხოლოდ “ნაკლებ ბოროტებად”. მსგავსი მიდგომა ფიქსირდებოდა როგორც 2014 წლამდე, ისე შემდგომ - 2018-21 წლებშიც. და ახლა ძალზე მცირეა ალბათობა იმისა, რომ ამ ადამიანებმა პუტინისთვის სიცოცხლის გასაწირად უკრაინასთან ომში წასვლა მოისურვონ” – განმარტავენ დამოუკიდებელ ანალიტიკურ ორგანიზაცია “ლევადა-ცენტრში”.
იმისათვის, რომ შეესაბამებოდეს არა უბრალოდ “გარე საფრთხეების შემკავებლის”, არამედ “დიადი რუსეთის ჩამომყალიბებლის” იმიჯს, კრემლს სამხედრო გამარჯვებები ესაჭიროება. სიდიადეზე ეს მოთხოვნა მრავალი წლის განმავლობაში იწრთობოდა და სწორედ მისით აიხსნება ის, რომ კრემლელი პროპაგანდისტების ნარატივების ურთიერთგამომრიცხავობა მოსახლეობაში კითხვის ნიშნებსაცკი არ აჩენს. მაგალითად, პროპაგანდისტები ერთის მხრივ, ირწმუნებიან, რომ უკრაინაში შეჭრა “იძულებითი ნაბიჯი იყო”, ხოლო მეორეს მხრივ – რომ რუსეთის მიზანს “წლობით არსებული უსამართლო მსოფლიო წყობის შეცვლა” წარმოადგენდა.
მსგავსი წინააღმდეგობები დღესაც ძალაშია. კერძოდ, კრემლელი პროპაგანდისტები ღიად საუბრობენ იმაზე, “როდის იყო უფრო ხელსაყრელი უკრაინაში შეჭრა: ახლა, თუ 2014-ში” და ასკვნიან, რომ “მართალია, 2014-ში უკრაინა უფრო სუსტი იყო, მაგრამ ეკონომიკურად არც რუსეთი იყო მზად ესოდენ სერიოზული ეკონომიკური თუ სხვა სანქციებისთვის, ბოლო 8 წლის განმავლობაში კი ამისთვის სათანადოდ მოემზადა”. ამგვარად, პროპაგანდისტები თავად აღიარებენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არაერთი წლით ადრე გეგმავდა მანამდე, სანამ შექმნიდა ფეიქებს მასზე “ბირთვული თუ ქიმიური შეტევების მზადების”, “დონბასის მოსახლეობის გენოციდისა” და აგრესიის სხვა საბაბების თაობაზე.
და მაინც, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ამ წინააღმდეგობებზე არ რეფლექსირებს. სოციოლოგების აზრით, ეს დიდწილად იმით აიხსნება, რომ ფსიქოლოგიურად ისინი ერთი და იგივე განცდის წარმოქმნას უწყობს ხელს: იქმნება იმ უძლეველი რუსეთის ილუზია, რომელსაც საკუთარი თავის დაცვაც ძალუძს და დასავლეთის იძულებაც, მოსკოვს სათანადოდ გაუწიოს ანგარიში.
თუმცა კრემლს სულ უფრო ცოტა რესურსი რჩება საიმისოდ, რომ ხალხში ეს განცდა შეინარჩუნოს: უკრაინული სამხედრო კამპანიის კრახი ხომ ამ მითს ყოველდღიურად სულ უფრო მეტად უთხრის ძირს.
ახალი “გამარჯვების” ილუზიის ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლებოდა, ქცეულიყო უკრაინასთან გარკვეული კომპრომისული შეთანხმების გაფორმებაც. თუმცა დიდად საეჭვოა, უკრაინელები კრემლისთვის მეტ-ნაკლებად წონად დათმობებზე წასვლას დასთანხმდნენ. გარდა ამისა, თავად რუსულ საინფორმაციო სივრცეში დაბალანსებული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიმართ კოლოსალური წინააღმდეგობა შეიმჩნევა: ე.წ. “ომის პარტიის” წარმომადგენლებმა უკვე შერაცხეს რუსი მომლაპარაკებლები “ერის, ქვეყნის, ჯარის, მთავარსარდლის მოღალატეებად” და აცხადებენ, რომ “გამარჯვებად მხოლოდ უკრაინის კაპიტულაცია შეიძლება, ჩაითვალოს, ნებისმიერ შეთანხმებებზე საუბარი კი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება”.
მოსახლეობის მის ირგვლივ მობილიზებულობის შენარჩუნების მეორე გზა, პუტინის ხედვით, იმ ანტიოლიგარქიული განწყობებით თამაშია, რომლებიც ომამდე ბევრად ადრე იყო მომწიფებული “სისტემური ლიბერალების” მიმართ პროპაგანდისტების მიერ გაღვივებულ ზიზღთან ერთად. ამჟამად რუსულ სახელისუფლებო საინფორმაციო სივრცეში ყველაზე აქტიურად სწორედ ეს თემები მუსირებს. კრემლელი პროპაგანდისტები ირწმუნებიან, რომ ყველა ეს ადამიანი წარმოადგენს «მეხუთე კოლონას», რომელიც მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური ბლოკის რიგ “მოღალატე” წარმომადგენლებთან ერთად დასავლეთზე მუშაობდა, რომ “ომი ერთადერთი საშუალებაა რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის შესაცვლელად და ქვეყნის მოღალატეებისგან განსაწმენდად».
16 მარტს, “რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ზომებისადმი” მიძღვნილ თათბირზე საუბრისას პუტინმა ფაქტობრივად, ახალი რეპრესიები დააანონსა, განაცხადა რა “მოღალატეებისა და ნაძირლებისგან საზოგადოების ბუნებრივი წმენდის აუცილებლობის” თაობაზე. გათვლა საკმაოდ მარტივია: “მოღალატეების” არა რიგით მოქალაქეებს, არამედ ოლიგარქებსა და ჩინოსნებს შორის “გამოვლენით” დიქტატორი ლამობს, ერთის მხრივ, შიშის მაღალი დონე შეინარჩუნოს, მეორეს მხრივ – რეიტინგი, ამჯერად როგორც “საძულველ წურბელებთან მებრძოლმა” და ამასთანავე, მოიპოვოს რეპრესიების ის ლეგიტიმაცია, რომლის გარეშეც მისი ეს ქმედებები მალევე გამოიწვევდა ნეგატიურ განწყობას.
გარდა ამისა, ოლიგარქებისა და ძალოვანი ჩინოსნების მიმართ რეპრესიები პუტინის თვალში ამცირებს იმ შესაძლო გადატრიალების საფრთხეს, რომელზეც უკვე აქტიურად საუბრობენ რუსეთშიც და უცხოურ სადაზვერვო წრეებშიც.
ამ ფონზე დასავლური დაზვერვა პუტინის მხრიდან პარანოიდული ქცევის დემონსტრირებასაც აფიქსირებს. მოსახლეობის მობილიზების სხვა საშუალებები ხომ კრემლელ დიქტატორს, როგორც ჩანს, აღარ რჩება, - თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით ბირთვულ ომს. თუმცა ამ უკანასკნელის დაწყების შემთხვევაში პუტინსა და მის რუსეთს გაცილებით უფრო დიდი პრობლემები ელის, ვიდრე პრეზიდენტის რეიტინგია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021