კობახიძე –პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე: "რაიმე ანგარიშსწორებაზე საუბარი ზედმეტია"
28/03/2022 10:50:14 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ წარმოადგენს პრეზიდენტის დევნას და არ უნდა შეფასდეს, როგორც მის წინააღმდეგ ანგარისწორების მცდელობად.
კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ტენდენციაზე მთავრობა ვალდებული იყო, ჰქონოდა მყისიერი რეაგირება და სწორედ ამიტომ შეიტანეს სარჩელი სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
„[ანგარიშსწორება] შეიძლება დაარქვა ისეთ რამეს, რომელიც ითვალისწინებს ვინმეს დასჯას, სანქციის შეფარდებას და ა.შ. ამ შემთხვევაში არავითარი დასჯა არ მოხდება. ერთადერთი რასაც დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო არის ის, თუ ვის ეკუთვნის ელჩის დანიშვნის კომპეტენცია პრაქტიკული თვალსაზრისით. შესაბამისად, აქ ანგარიშსწორებაზე საუბარი არის ზედმეტი და ეს არის სპეკულაცია რასაც მიმართავენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა კობახიძემ.
მან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტებად კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გულისხმობს პარლამენტის შენობაში ყოველწლიურ მოხსენებაზე უკრაინის ელჩთან მისვლას და ასევე ქვეყნის გარეთ პერსონალურ ვიზიტებს მას შემდეგ, რაც მთავრობამ ოფიციალური ვიზიტების ჩატარებაზე უარი განუცხადა.


