
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული 26 პირი დამნაშავედ ცნეს
29/03/2022 11:49:37 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ცამეტი ფიზიკური და ცამეტი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით, კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა - სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება. ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება.
წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ნ.-მ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მეშვეობით, სამეწარმეო სუბიექტად ცამეტი იურიდიული პირი დაარეგისტრირა, რომელთაც ანგარიშები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გაუხსნეს, რის შემდგომაც საქართველოში, მათ შორის, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ნაწილობრივ სახეცვლილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განათავსეს. შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა ქვეყანაში მრავალჯერადი ტრანზაქციები განახორციელეს.
სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იქნა დანაშაულის ორგანიზატორის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები, კერძოდ: თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, თბილისში მდებარე კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6230 კვ.მ. მიწის ნაკვეთები, რუსთავში მდებარე, სამრეწველო დანიშნულების 314 437 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე, ძვირადღირებული ავტომობილები.
დანაშაულის ორგანიზატორი - ფ.ნ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-193-ე მუხლით და 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა 4 288 033 ლარის ღირებულების უძრავი ქონებები, ორი ავტომანქანა, 42 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა და საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.
საქმეზე ბრალდებულ 13 იურიდიულ პირს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, 10 წლის ვადით სამეწარმეო საქმიანობის უფლება ჩამოერთვათ და თითოეულს 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
რაც შეეხება, დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს და მათ მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ ცრუ მეწარმეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და პირობით სასჯელთან ერთად 517 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა მსგავსი საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.