
პარლამენტში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ცვლილებების განხილვა გადაიდო
29/03/2022 12:46:35 პოლიტიკა
პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის ორი კვირით გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
დაჩქარებული წესით ინიცირებული კანონის პროექტის განხილვის ორი კვირით გადადების წინადადება, რომელიც პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დასვა, პარლამენტმა გაიზიარა.
„კანონპროექტს ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა. ამასთან, ჩვენ არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ მოგვისმენია. ზოგმა ისიც კი უზრუნველყო, რომ ხალხს ჰგონია, რომ საკითხი კომპეტენციების გამიჯვნას ეხება. არადა, ლაპარაკია განხილვის შესაძლებლობაზე. ამიტომ, იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ოდნავ საკამათო არგუმენტი, ასე ჩქარა რატომ - მივცეთ ორი კვირის ვადა და პროექტი ორი კვირის შემდეგ იგივე წესით განვიხილოთ. ორი კვირის განმავლობაში მობრძანდით და არსებითი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინეთ“, - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც მიმდინარე კვირას პარლამენტს სამივე მოსმენით უნდა მიეღო, სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავის საკითხებს შეეხება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.
საქართველოს მთავრობა ელჩების დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტთან საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე მოამზადა „ქართულმა ოცნებამ“ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები.