
საგუშაგოები იხსნება, გამშვები პუნქტები იხურება: ვერსიები
13/09/2019 10:55:13 კონფლიქტები, თვალსაზრისი, ანალიზი
ცხინვალსა და თბილისში ახალ–ახალი ვერსიები გამოითქმის იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ბოლო პერიოდში დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული რიგით მეოთხე ტექნიკური შეხვედრა დღეს კვლავ ერთადერთი შედეგით დასრულდა – შეთანხმებით, მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
სად განათავსა თბილისმა ახალი საგუშაგო – თბილისის თუ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თავად ცხინვალშიც ვერ თანხმდებიან. როგორც ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი ჟურნალისტი ლანა პარასტაევა სტატიაში „საზღვრებზე ბალანსი ირღვევა“ აღნიშნავს, "ნაწილი თვლის, რომ ქართულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს, ნაწილი – რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე დგანან":
„როგორ მოხდა, რომ ქართულმა მხარემ მოახერხა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საგუშაგო აეშენებინა, ვერავინ იგებს. წნელისის მაცხოვრებლები ცხინვალში წერილებს გზავნიდნენ იმის შესახებ, რომ ქართველები რაღაცას გეგმავდნენ: თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ტყეში ელექტროხერხების ხმა ისმოდა, მაგრამ ვინაიდან მოსახლეობას ტყეში შესვლა აკრძალული აქვს, მას მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეეძლო, „ქართველებს ჩვენი ტყე ისევ გააქვთო“. ვითარებაში გარკვევის შესაძლებლობა ჰქონდათ მესაზღვრეებს, მაგრამ მათ ეს რატომღაც არ გააკეთეს. არ ეთანხმებიან საზღვრის გაყვანას მაღალმთიანი წინაგარის მაცხოვრებლებიც. 2009 წელს მედვედევ–სარკოზის შეთანხმების საფუძველზე საქართველო – სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, მათ შორის აქაც ბუფერული ზონა მოეწყო, რუსულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში 500 მეტრით უკან დაიხია, ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ქართულმა მხარემაც. 2019 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს ძალები ამ ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსი მესაზღვრეებისგან 50 მეტრში საგუშაგოს მშენებლობა დაიწყეს. მაგრამ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის სპიკერი ალან თადთაევი, რომელმაც საზღვარი 4 სექტემბერს მოინახულა, ირწმუნებიან, რომ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევია. ოსი პოლიტიკოსების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია: ნაწილი წინაგარელთა პრეტენზიებს იზიარებს, მეორე კი – თადთაევის პოზიციას. იმედი ვიქონიოთ, რომ რეალობა დადგინდება, რადგან ისინი, ვინც სამხრეთ ოსეთს იცავდა, მიწების დაკარგვას ვერასოდეს დაეთანხმებიან“.
ოსური გამოცემა „რესპუბლიკა“ კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ დე ფაქტო საზღვარზე შექმნილმა ვითარებამ გაამწვავა დაპირისპირება ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრში:
"პრობლემების დროს ტრადიციული გაერთიანების ნაცვლად, ამ შემთხვევაში კვლავ გააქტიურებული მტრის წინაშე პოლიტიკური ოპონენტების ურთიერთბრალდებები ისმის, რომელიც შექმნილი ვითარების მიზეზებს უკავშირდება. ყველას გვესმის, რომ მთავარია, დავუბრუნდეთ 24 აგვისტომდელ სტატუს–ქვოს, წინააღმდეგ შემთვევაში აქ მუდმივად იარსებებს დაძაულობის კერა“.
ახალგორის ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა ამ გაურკვევლობის ფონზე "რაზდახანის" (ოსური სახელწოდება) გამშვები პუნქტის დახურვამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. გუშინ ადგილობრივებმა "რაზდახანის" გახსნის თხოვნით დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისადმი მიმართვა მოამზადეს, რომელსაც 242 ხელმომწერი ჰყავს.
„ ... ეს გზა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაიონში უამრავი ონკოავადმყოფი გვყავს, რომელიც თბილისის კლინიკებშია აღრიცხული. ზოგიერთები ოპერაციის მოლოდინში არიან. ყველა პრობლემას ვერც ჩამოვთვლით. ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე ხმას ვერ ვაწვდენთ. გვახსოვს თქვენი დაპირება, რომ გზა არ დაიკეტებოდა. ვიმედოვნებთ, ჩვენს პრობლემებს გულამდე მიიტანთ“, – ნათქვამია მიმართვაში.
ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტს მიმართვასთან დაკავშირებით ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებია, ადგილობრივი დე ფაქტო ჩინოსნები კი ხალხის დაშინებას განაგრძობენ: ზოგი ამბობს, გზა საერთოდ აღარ გაიხსნება, ზოგიც – მინიმუმ, ახალ წლამდეო.
საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოს ოლესია ვართანიანის აზრით, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის ოფიციალური ვერსია იმის შესახებ, რომ ეს არის პასუხი ქართული მხარის მიერ ახალი საგუშაგოების გახსნაზე, არალოგიკურად გამოიყურება, რადგან ცხინვალი ამით ზიანს უპირველესად არა თბილისს, არამედ საკუთარ მოსახლეობასა და თავის თავს, ასევე მისი პატრონის – მოსკოვის რეპუტაციას აყენებს. ამასთან, მისი აზრით, ზიანი მიადგა საკუთრივ დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვსაც, რომლის გუნდი ოპოზიციამ მსგავსი სიტუაციების პრევენციის უუნარობაში დაადანაშაულა. ვართანიანი აზრით, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფონზე გადაწყვიტა ბიბილოვმა მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა – „რაზდახანის“ დახურვა, თუმცა შედეგად ზიანი კვლავ საკუთარ თავს მიაყენა:
„ბიბილოვს ახლა აკრიტიკებენ იმის გამო, რომ დიპლომატიური თვალსაზრისით, საპოლიციო საგუშაგოსთან დაკავშირებულ ისტორიაში წააგო. სწორედ მისი ბრძანებით მიიყვანეს იქ ჯავშანტრანსპორტიორები, თუმცა მათ ხეირიანად ვერაფერი გააკეთეს, რადგან მოსკოვმა შეაჩერათ და ახლა იძულებულები არიან, უბრალოდ შორიდან ათვალიერონ ლამაზი ქართული საპოლიციო საგუშაგო. ასეა თუ ისე, რა მიზეზითაც არ უნდა მომხდარიყო ეს, ცალსახაა, რომ "რაზდახანის" დახურვა რეგიონული მასშტაბის პოლიტიკურ პრობლემებს მოიტანს, რადგან თბილისსა და უცხოეთში დიდად არავინ დაიწყებს იმის რკვევას, რატომ გადაწყვიტა ცხინვალმა მოულოდნელად ამ გზის დახურვა, ამას ყველა რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის მორიგ მცდელობად შეაფასებს და საბოლოო ჯამში, ამ ნაბიჯს სულ სხვა პოლიტიკური შედეგები ექნება“.
რუსი ექსპერტები ვართანიანისგან განსხვავებულ ვერსიებს ასახელებენ, რომლებიც კონსპიროლოგიის ელემენტებითაა გაჯერებული. კერძოდ, ზოგიერთი მათგანის აზრით, წნელისის ისტორია "ქართული ოცნებისა" და მოსკოვის შეთანხმებული თამაშია, წამოწყებული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად და პრემიერად დანიშნვამდე გიორგი გახარიას რეაბილიტირებისთვის. ამ ვერსიის მომხრეთა განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუს ძალოვანებს ვერაფრით გამოეპარებოდათ საგუშაგოს გახსნა. ხოლო როდესაც ბიბილოვი ვითარების გამოსწორებას შეუდგა, იგი მოსკოვიდან შეაჩერეს და ამის საპასუხოდ დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორში სკანდალი მოაწყო, მშვენივრად აცნობიერებდა რა, რომ ეს სკანდალი მოსკოვის მიმართ ბრალდებებით დასრულდებოდა. შედეგად, ვერსიის ავტორების განმარტებით, გამოვიდა მოსკოვისადმი ერთგვარი წინადადება: თუ სკანდალის თავდან არიდება გსურთ, ამ ისტორიიდან თავის დაღწევაში დაგვეხმარეთო.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021