ფოტიგამ ბორელს ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებასა და სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა
31/03/2022 05:51:11 პოლიტიკა
ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, პოლონელმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მან ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საქართველოს შესახებ დაუსვა შეკითხვები.
მისი თქმით, შეკითხვები ეხებოდა საქართველოს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე, ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს და შესაძლო სანქციებს საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„გაწევრიანება დამსახურებაზეა დამოკიდებული. ამასთან დაკავშირებით შეშფოთებული ვარ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობით, რაც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. ვუერთდები მრავალ მოწოდებას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მოეპყრონ სამართლიანად და ღირსებით და თავი შეიკავონ დამამცირებელ მოპყრობას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას", – წერს ფოგიტა.
მისი თქმით, მრავალმა ინსტიტუტმა, ექიმმა და დიპლომატმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება სასამართლო პროცესის შესახებ და სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო, რაც „წაქეზებულია რუსული კავშირების მქონე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც არაფორმალურად აკონტროლებს საქართველოს მთავრობას“.
ევროპარლამენტარის თქმით, "ივანიშვილის არაფორმალური კავშირების შედეგია მმართველი პარტია „ქართული ოცნების მთავრობის ორაზროვანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ“.
წერილში ფოტიგა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ლიდერს მიმართავს ორი შეკითხვით:
1. "შეესაბამება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს, რაც სავალდებულოა გაწევრიანების პროცესში?
2. ეთანხმება თუ არა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმას, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ დადებითი როლი ითამაშა ამ ქვეყანაში პოლიტიკურ რეფორმებზე და მის მომავალზე ევროკავშირთან დაკავშირებით და იზიარებს თუ არა ის გავრცელებულ მოსაზრებას, რომ რუსული კავშირების მქონე საეჭვო რეპუტაციის ქართველი ოლიგარქისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მსგავსი დადებითი შედეგი ექნებოდა?“.
3 მარტს უკრაინის კვალდაკვალ საქართველომ ევროკავშირს მიმართა ოფიციალური განაცხადით ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორ საქმეზე ბრალდებით იმყოფება პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ.


