Accentnews.ge
"არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად"

"არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად"

31/03/2022 09:41:31 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს გამეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წელს და "იყოს ჩართული პროვოკაციებში".

მან დანიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ქვეყანა არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად:

"ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენი იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს".

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში შესაძლო ე.წ. რეფერენდუმზე საუბრისას ზალკალიანმა შემდეი განაცხადა:

"ოკუპაციის პირობებში არანაირ ე.წ. რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად, არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება".

30 მარტს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.

ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მცირეა იმ სამოქალაქო აქტივისტების რაოდენობა, რომლებიც რუსეთთან გაერთიანებას მხარს არ უჭერენ.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, კრემლმა 26 აგვისტოს ცხინვალის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. აღიარების შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში განათავსა მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთიდან ჩაყვანილი ჯარისკაცების გარდა, ადგილობრივი ჯარის პირადი შემადგენლობაც შეიყვანეს. ახლა ამ ბაზის შემადგენლობის ნაწილი, მათ შორის ცხინვალელი ახალგაზრდები, რუსეთის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გადაწვეს და გაანადგურეს ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე დევნილად იქცა. მას შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ კრემლს მიერთების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიისგან რუსეთი ჯერ–ჯერობით თავს იკავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S