სტოლტენბერგის ანგარიში: "ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება"
31/03/2022 13:16:35 პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ წარდგენილ 2021 ანგარიშში, მათ შორის საქართველოს მხარდამჭერ ნაბიჯებზეა საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო "ღია კარის" პოლიტიკის ერთგული რჩება:
"ნატო-ში გაწევრიანებისთვის კარი ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის საერთო ღირებულებებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ, საკუთარ თავზე აიღონ წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები და რომელთა მიღებას შეუძლია, ხელს შეუწყოს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას. მოკავშირეები რჩებიან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერის ერთგულები, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად და ამ მიზნით ახორციელებდნენ ორივე ქვეყნის ყოველწლიური ეროვნული პროგრამების შესრულების მონიტორინგს. 2030 წლის ნატო-ს დღის წესრიგის ფარგლებში, მოკავშირეები შეთანხმდნენ რეკომენდაციებზე, რომლებიც ითვალისწინებს ნატო-ს სამი ასპირანტი ქვეყნის წევრობისთვის მომზადებაში მხარდაჭერის გაძლიერებას".
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნატო-ს პარტნიორების ურთიერთთავსებადობის ინიციატივის ფარგლებში, ნატო-მ შექმნა „გაფართოებული შესაძლებლობების“ სტატუსი ექვსი პარტნიორისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
დოკუმენტის მიხედვით, ნატო-სა და საქართველოს პრაქტიკულმა თანამშრომლობამ "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" ფარგლებში გააგრძელა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და ნატო–სთან თავსებადობის გაძლიერება.
ამასთან, ანგარიშში საუბარია საქრთველოს მიერ საერთაშორისო მისიებში შეტანილ წვლილზე:
"საქართველო 2021 წლის ივლისამდე მონაწილეობდა ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. შემდგომ მან მხარი დაუჭირა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს როგორც ტრანზიტულმა პუნქტმა 60-ზე მეტი რეისისთვის და 5 000 ევაკუირებულისთვის. საქართველო ასევე განაგრძობდა ნატო-ს რეაგირების ძალებში წვლილის შეტანას".
ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად განსაზღვროს, რომელ ალიანსს შეუერთდეს. დოკუმენტის თანახმად, ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს თავად ნატო და საჭიროებს ყველა მისი წევრის კონსენსუსს.


