რატომ გვაშინებენ ომით

31-03-2022 20:03:30 ინტერვიუ

ვერც სამხედრო დამნაშავე პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებული სასტიკი ომი, ვერც გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის რღვევა და მათ შორის საქართველოს წინაშე წარმოქმნილი გამოწვევები აღმოჩნდა საკმარისად წონადი ფაქტორი, რათა ეიძულებინა ქართული პოლიტიკური სპექტრი, დროებით მაინც დაევიწყებინა შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, ქვეყნის მომავალზე ფიქრში სასწრაფოდ გადაეყვანა დისკუსია საქმიან ჭრილში და მსოფლიოს მასშტაბით ელვის სისწრაფით ცვალებადი პროცესებით დაბნეული მოსახლეობისთვის ამ ვითარებაში ქცევის ოპტიმალური გზები თუ არა, განმარტებები მაინც შეეთავაზებინა იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა ადგილი, როლი და პოზიცია უკავია მთელს ამ პროცესებში საქართველოს, გვექმნება თუ არა რაიმე ახალი გამოწვევები და თუ კი, რა კეთდება და გაკეთდება მათთან გასამკლავებლად.

ჯერ იყო, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა გააკეთა როგორც არსობრივად, ისე მორალის თვალსაზრისით ერთობ უცნაური განცხადება, „ომი უკრაინაშია, საქართველოს საფრთხე არ ემუქრებაო“. შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა თითქმის ყველა პოლიტიკური ოპონენტი „ომის პარტიად“ შერაცხეს და აქტიურად შეუდგნენ საზოგადოების ომით დაშინების მცდელობას. შემდეგ მოვისმინეთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც, თუ კრემლის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის აღზევების არაერთგზის გაცხადებულ გეგმას გავითვალისწინებთ, სულაც შოკისმომგვრელად გაიჟღერა: „[...] გახსოვთ, მაგალითად, ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ როგორ დაიწყო მეორე დღეს სამოქალაქო ომი, ორ წელიწადში როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80% და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლითო". ამ განცხადების შემდეგ ალბათ, მოსალოდნელიც კი იყო ის დისკურსი, რომლის საზოგადოებაში "შეგდებაც" მმართველ ძალასთან აფილირებულმა ცნობადმა სახეებმა სცადეს: „მშვიდობა თუ თავისუფლებაო?".

არსებობს თუ არა რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის გეოგრაფიის სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე გაფართოების საფრთხე და თუ არსებობს, როგორ ვემზადებით პოტენციური რისკებისთვის?

დიპლომატიური ანომალია

„სამხედრო საფრთხეების განსაზღვრა არ ხდება ისე, როგორც ეს წარმოუდგენია მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებას ან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, ჩვენს სახელმწიფოს პრაქტიკულად არ მოუხდენია სამხედრო საფრთხეების შეფასება და ანალიზი, არ არის წარმოდგენილი ის ინდიკატორები, რომელზე დაყრდნობითაც შეგვეძლებოდა, გვესაუბრა, გვემუქრება თუ არა ომის საფრთხე, - ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.

"ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული პროვოკაციები მზადდება ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით. გავიხსენოთ იგივე ცხინვალის რეგიონში დაწყებული პროცესი: მართალია, ანატოლი ბიბილოვი ხშირად საუბრობს რუსეთთან ცხინვალის რეგიონის შეერთებაზე და ახლაც მის მიერ ამ ინიციატივის მორიგი გაჟღერება შესაძლოა, 10 აპრილისთვის დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს (ბიბილოვს დღეს ცხინვალის რეგიონში ბევრი აკრიტიკებს იმის გამო, რომ უკრაინასთან ომში გაგზავნა ადგილობრივი ახალგაზრდები და მისი ისედაც არცთუ მაღალი პრესტიჟი ამით კიდევ უფრო შეილახა). თუმცა რუსული პოლიტიკური დღის წესრიგი და საქართველოს მიმართ მისი ინტერესი არსად გამქრალა" - აღნიშნავს გობრონიძე და იქვე დასძენს, რომ ქართულ საზოგადოებას გაცილებით მეტი წინდახედულობა ჰმართებს, როდესაც ომსა და მშვიდობაზე საუბრობს.

ამ კონტექსტში იგიმწუხარებით აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებიც კი ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად გამოიყენა:

„ნაცვლად იმისა, რომ ეს ხალხი, რომელიც არც ვიცით, პარლამენტში რისთვის გვყავს არჩეული (ეს განსაკუთრებით ეხება მმართველ გუნდს, თუმცა ოპოზიციასაც), დამსხდარიყო და ერთხელ მაინც ემსჯელა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს ტრანსფორმაციაზე (რა ხდება სომხეთში, აზერბაიჯანში; როგორია რუსეთის, თურქეთის და ირანის ჩართულობა ამ პროცესში), იმაზე, რომ თავის დროზე ჩვენთან დაწყებული რუსული აგრესია დღეს უკრაინაში გრძელდება, რაც ცვლის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური უსაფრთხოების გარემოს, გვაქვს აბსოლუტური არაკომპეტენტურობის ზეიმი! ვერ გავცდით ამ იდიოტურ პარადიგმას – "მშვიდობა გინდათ თუ თავისუფლება?". არადა, ერთადერთი, რაც დღეს სახელმწიფოს სჭირდება, არის მუშაობა, ფიქრი, გააზრება იმისა, თუ საით მიდის საბოლოო ჯამში ჩვენი საზოგადოება. ხოლო ოპონენტების "ომის პარტიად" გამოცხადება საზიანოა სახელმწიფოსთვის, მათ შორის - იმ თვალსაზრისით, რომ ხელს უწყობს საერთაშორისო საზოგადოებაში იმ აზრის ჩამოყალიბებას, რომ ქართული სახელმწიფო თეორიულად შეიძლება, „პრობლემების მაძიებელი“ აღმოჩნდეს. ოპოზიციასაც რომ შევხედოთ, რა ალტერნატივას გვთავაზობს იგი? დიახ, შეგვიძლია, დიდხანს ვისაუბროთ ჩვენი ამჟამინდელი დიპლომატიის ხარვეზებზე, საუბრის ფორმაზე, ქცევაზე და ა.შ., მაგრამ თეორიულად რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს უკრაინის დასახმარებლად?“.

ამ კონტექსტში გობრონიძე იმ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს; ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული სამხედრო ტვირთებისთვის 2008 წლის ომის შემდეგაა ჩაკეტილი; საერთაშორისო არენაზე თბილისმა კიევს მხარი დაუჭირა ყველა საკითხში - დაწყებული ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვით, გაგრძელებული გაერო-ს რეზოლუციებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ჰააგის სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნებით. „გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ჩვენი მოსახლეობა კიევისაზე ნაკლებია, ჩვენი ქვეყნიდან წასული ადამიანები იბრძვიან უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე და ასრულებენ ურთულეს სამხედრო ამოცანებს. სახელმწიფოს მხრიდან თუ არა, მოქალაქეების მიერ მაინც იგზავნება უკრაინაში ტონობით ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა საქართველოს, სამწუხაროდ, თეორიულად არაფრის გაკეთება შეუძლია“, – თვლის გობრონიძე.

კიევთან ურთიერთობებში ერთგვარი დაძაბულობის წარმოქმნისა და უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წამომადგენლების კრიტიკულ განცხადებებზე ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის განაწყენების მიზეზებს კი იგი იმაში ხედავს, თუ რა განცხადებებს აკეთებს და როგორ ახდენს საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ხელისუფლება:

„როდესაც ქვეყნის პირველი დიპლომატი – ბატონი ზალკალიანი აცხადებს, რომ თურმე, რამდენიმე წუთი სჭირდება რუსულ არმიას საქართველოში ყველაფრის თავდაყირა დასაყენებლად, როგორც მოქალაქეს, მარტივი კითხვა მიჩნდება: ხელისუფლება 10 წელი ქვეყანას იმისთვის მართავდა, რომ დღეს ჩვენთვის ეს ეთქვა? ან ვინ ითხოვდა საქართველოსგან საჯარო განცხადების გაკეთებას, „არ ვუერთდებით სანქციებსო“?! - ჩვენ ხომ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომ მის მიერ დაწესებულ სანქციებს მივუერთდეთ. ან რას ვაწვდით რუსეთს? - კოსმოსურ, სამხედრო ტექნოლოგიებს, ორმაგი დანიშნულების მასალებს თუ რას? ჯამში, სანქციებზე ჩვენი მიერთება-არმიერთება არაფერს ცვლიდა. მაგრამ აბსოლუტურად არასწორი იყო ამის იმ კონტექსტში თქმა, რომ „ვუყურებთ დასავლელ პარტნიორებს, მათი სანქციები არაეფექტურია და არ ვუერთდებითო“, შემდეგ თავის მართლება, „რუსეთიდან ხორბალი შემოგვაქვსო“, ხოლო შემდეგ საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, სავაჭრო ურთიერთობები გავაფართოვოთ რუსეთთან! ეს ის თემებია, რომლებზეც ღიად არ საუბრობენ! ეს ნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური კლასი კრიზისებისთვის მზად არ არის - და ვერც იქნება, რადგან ის სათათბირო ორგანო, რომელიც უნდა მსჯელობდეს კრიზისებზე, საფრთხეებზე და გამოწვევებზე, რატომღაც პრინციპულად არ იკრიბება!“.

გობრონიძე კიდევ ერთხელ აყენებს საფრთხეების შესახებ ფართო პოლიტიკური და სამოქალაქო მსჯელობისა და უსაფრთხოების კონცეფციის განახლების აუცილებლობის საკითხს, რადგან "როგორ ვხედავთ ჩვენს უსაფრთხოებას – ჯერ ამ კითხვაზეც კი არ გვაქვს პასუხი, არათუ უსაფრთხოების მექანიზმებზე":

„ამიტომაცაა ქართული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სპონტანური და არათანმიმდევრული! როგორ უნდა მოახერხო, რომ კიევის მიმართ მოსკოვის აგრესიის ფონზე ყველა პლატფორმაზე უკრაინას უჭერდე მხარს, თუმცა მასთან კომუნიკაცია საქართველოდან ელჩის გაწვევით დასრულდეს, აი რუსეთმა კი „არამეგობრული ქვეყნების“ სიიდან ამოგიღოს?! დიპლომატიურ ანომალიაში ვართ ჩაძირულები! რთულია, გაიგო, ამ ეტაპზე რა არის ქართული დიპლომატიის ამოცანა და ეს გაურკვევლობა ბადებს სწორედ შემდეგ იმგვარ განცხადებებს, რომლითაც პარტნიორებმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენეს“.

არსებობს ომის გეოგრაფიის გაფართოების საშიშროება?

გობრონიძის ხედვით, რუსეთს ამ ეტაპზე ომის სხვა რომელიმე ქვეყნის მიმართ დაწყების არანაირი საფუძველი არ აქვს, თუმცა საქართველო კვლავაც რჩება მისი ინტერესების არეალში, ხოლო გრიგორი კარასინის მიერ ამასწინათ გამოთქმული მადლიერება სიმშვიდის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს, რადგან ზუსტად იგივე ფასი აქვს, რაც რუსეთის მიერ საქართველოს წინაშე მე–19 საუკუნიდან მოყოლებული, სხვადასხვა ფორმაციებში ნაკისრ ვალდებულებებს.

გობრონიძე ოკუპირებული რეგიონებიდან შესაძლო პროვოკაციებს არ გამორიცხავს და თვლის, რომ ანატოლი ბიბილოვის ზემოთ ხსენებული განცხადებაც შესაძლოა, ნაწილობრივ ამ სერიიდან ყოფილიყო. თუმცა ჯერ-ჯერობით, ვიდრე რუსეთის მთელი ძალები უკრაინაზეა კონცენტრირებული, რაიმე სერიოზული რისკები, მისი აზრით, ნაკლებია:

„ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, როგორ დასრულდება უკრაინაში პროცესები: რაც მეტი მონაპოვრით გამოვა იქიდან რუსეთი, მეტი იქნება რისკი იმისა, რომ აქაც რაღაცას ეცადოს. რუსეთს სურს არა დონბასი, არამედ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინა. მან თუ ოდესა „წაიღო“, ხოლო აზოვის ზღვა ტბად აქცია, ის რეგიონში გაძლიერებულ პოზიციებს მიიღებს“.

როგორ ვემზადებით რისკებთან გასამკლავებლად

ანალიტიკოსი ამ მიმართულებით აქტივობებს ვერ ხედავს და წუხს, რომ კრიზისი იქცა შიდაპოლიტიკური მოხმარების თემად, რომ საზოგადოებით მანიპულირებენ და განიხილავენ უვიც აუდიტორიად.

„ელემენტარულად ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ გავზარდოთ სამხედრო წვრთნების ინტენსიფიკაცია, ჩვენს ისტორიაში ერთხელ მაინც ამოვიღოთ სამოქალაქო თავდაცვა მითოლოგიის კატეგორიიდან და ვაქციოთ იმად, რაც რეალურად გჭირდება“,– ამბობს გობრონიძე და იქვე დასძენს, რომ ჩვენ არ ვართ დიდი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია ოპერატიული თავდაცვის სიღრმე ან დიდი ადამიანური რესურსი. პატარა სახელმწიფოს თავდაცვა კი გადის იმაზე, რამდენად ძვირი ჯდება ამ სახელმწიფოს დაპყრობა.

„შორს მიმავალი გეგმებია, მაგრამ ქვეყანას სჭირდება, შედგეს სამოქალაქო და პოლიტიკური კონსენსუსი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებით, დაიწყოს მისი განხორციელება და საქართველო მზად იყოს ნებისმიერი აგრესიის მოსაგერიებლად. ამისათვის კი აუცილებელია სამოქალაქო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რათა რამე რომ მოხდეს, ჩვენს მოქალაქეებს სადღაც თავის შეფარება და ფიზიკური გადარჩენა შეეძლოთ“.

გობრონიძე ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე ახალი ამოცანები უნდა დაისვას:

„ვხედავთ, რომ ერთის მხრივ, რუსული ძალების სახმელეთო შეტევის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მორეს მხრივ, ომის შემთხვევაში ჩვენთვის დიდ ამოცანად გადაიქცევა სარაკეტო, საარტილერიო, საავიაციო თავდასხმების მოგერიება. ამ მიმართულებით ჩვენ გაცილებით მოწყვლადები ვართ, ვიდრე უკრაინა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსულ არმიას ნაკლებად შეექმნება ის ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც ექმნება უკრაინაში: ელემენტარულად, საწვავით ერთი გამართვით რუსული ტანკი 400 კმ-ს გადის, უკრაინის ფართობზე ეს მოკლე მანძილია, ჩვენს შემთხვევაში – არა. როგორი უნდა იყოს ჩვენი ჯარი, რა მოწყობის, რა ამოცანებს უნდა ემსახურებოდეს, ამასაც უნდა შევხედოთ! თანაც ეს უნდა გაკეთდეს იმგვარად, რომ არ გაჩნდეს ცრუ მოსაზრებები საქართველოს მილიტარიზაციასთან მიმართებაში და რუსეთმა არ დაიწყოს ახალი მითების შექმნა, „ჩვენ რომ არ დაგვესწრო, აქეთ დაგვესხმებოდა საქართველო თავს და მოსკოვს დღე–დღეზე აიღებდაო“ – როგორც უკრაინასთან მიმართებაში განაცხადა. საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვაც. უკვე ამ მომენტიდან უნდა ვფიქრობდეთ პარტნიორებთან ერთად, უსაფრთხოებს რა გარანტიები შეიძლება, მივიღოთ, რადგან დიდი და მყარი საერთაშორისო გარანტიების გარეშე თავის დაცვა გაგვიჭირდება. ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი ალბათ, საკმარისი იქნება რამდენიმე დასავლური გამანადგურებლის საწვავით გამართვისთვის და არა სრული ოპერაციების წარმოებისთვის“.

არსებული რესურსების ოპტიმალურად გადანაწილების კონტექსტში მას მნიშვნელოვნად მიაჩნია წვევამდელების საკითხი, გამოიყენება რა ეს რესურსი არა თავდაცვითი მიზნებისთვის, არამედ რიგი ობიექტების დაცვისათვის:

„სწორად უნდა განაწილდეს არსებული რესურსები და ფუნდამენტურად გადაიხედოს ჩვენი თავდაცვის გეგმები“.

რუსული ცხოვრების წესი და პრორუსული ჯგუფები საქართველოში

გობრონიძე არ თვლის, რომ პრორუსული ჯგუფები გასულ არჩევნებზე მიღებული შედეგების გაუმჯობესებას შეძლებენ. უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი არც ამ ჯგუფების აკრძალვის საკითხზე დაწყებულ საზოგადოებრივ დისკუსიას უჭერს მხარს. ხოლო ხელისუფლების მხრიდან მათ ირიბ თუ პირდაპირ ხელშეწყობას განიხილავს მმართველი გუნდის მცდელობად, ამ ჯგუფებისგან შექმნას საფრთხობელა – „მე თუ არა, ესენი მოვლენ ხელისუფლებაშიო“.

„საზოგადოების პროტესტი გასაგებია, მაგრამ რაც მეტად აკრძალავ მათ საინფორმაციო საშუალებებს, მით მეტ არგუმენტს მივცემთ, შეიმოსონ „წამებულის" მანტიით. აკრძალვაზე მეტად ეფექტურია, საზოგადოებას სიმართლე ვავენოთ სწორი არგუმენტებით. სჯობს, საზოგადოებამ მათ უსმინოს და აღიქვას არასერიოზულად, ვიდრე ჰქონდეს ცრუ განცდა, რომ ვიღაცები სიმართლისთვის აქციეს დევნილებად. დანარჩენი – მოწოდებები ძალადობისკენ, ფინანსური წყაროების გამჭვირვალობა და ა.შ. - ეს ყველაფერი რეგულირდება კანონით და ის კანონი უნდა აღსრულდეს. ანუ, რისკებთან გასამკლავებლად შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა გვჭირდება“.

რაც შეეხება საქართველოში რუსული კაპიტალისა და რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას, რასაც ქვეყანაში შეშფოთება მოჰყვა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს ხშირად იყენებს საკუთარი აგრესიული პოლიტიკური მიზნებისთვის, გობრონიძე აქ არაერთ რისკს ხედავს.

ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით საქართველოში შემოსულ ბელარუსის მოქალაქეთა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, 12-ჯერ გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და დარჩნენ. კერძოდ, გომელაურის ცნობით, 2022 წელს საქართველოში შემოსული 30 439 მოქალაქიდან ქვეყანაში დარჩა დაახლოებით 12 ათასი. „არ ვიცი, გავლენ ალბათ, ზოგი გუდაურშია, ბაკურიანში არიან, ზოგი თბილისშია“ - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ცნობით, 2022 წლის მხოლოდ 1-დან 4 მარტის ჩათვლით საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებაზე განაცხადით იუსტიციის სახლს რუსეთის 201-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან უმრავლესობას- 184 პირს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სურდა, 16-ს - კომპანიის, ერთს კი - ააიპ-ის.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსულ ბიზნესს მოჰყვება რუსული ცხოვრების წესიც. მაგალითად, სხვადასხვა ტელეგრამ–ჩათში ვხვდებით კითხვებს, „როგორ ვიყიდო მართვის მოწმობა?“... არ უნდა იყიდო, გამოცდა უნდა ჩააბარო და აიღო! უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი არის ნათელ–მირონობით კაპიტალიზმზე დაფუძნებული ერთგვარი განგსტერული ტიპის ქვეყანა და სწორედ ამ ტიპის ეთიკა მოჰყვება იქაურ ბიზნესს! გარდა ამისა, თუ კაპიტალის გადმოდინება მოხდება საქართველოში, ეს კაპიტალი აღარ უნდა დაბრუნდეს უკან და ამით რუსულმა სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს სარგებელი – ამაზე მთავრობამ უნდა იფიქროს. რისკი ძალიან ბევრია ორივე შემთხვევაში: ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ არ გავხდეთ რუსეთის მოქალაქეებისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლის საშუალება, რადგან იმ სანქციებს კონკრეტული მიზანი ჰქონდა და კონკრეტული მიზნით დაარტყა მათ კეთილდღეობას. შემოდინება არ უნდა იყოს უკონტროლო. დეტალურად უნდა ხდებოდეს შერჩევა, ვის ვუშვებთ და ვის არა. სხვა შემთხვევაში რისკი უამრავია“,– ასკვნის გობრონიძე.

საყურადღებოა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან ნაწილობრივი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ან რუსული კომპანიებია. მათი უმეტესობა ჩვენთან 2013-2020 წლებში დარეგისტრირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევის შედეგების თანახმად, რუსული კომპანიების ნაწილი სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს: 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა რუსულ კომპანიებთან ჯამში 590 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს, რაც საერთო შესყიდვების 1,4%-ს შეადგენს.

TI–ის კვლევის მიხედვით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნახევარზე მეტი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც ამჟამად მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. საქართველოში ფუნქციონირებენ და სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობენ რუსული კომპანიები, რომელთა წილის მფლობელი სახელმწიფო ან სახელმწიფო საწარმოები არიან.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა უნდა დარეგულირდეს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის რუსული კომპანიებისგან შესყიდვა აიკრძალება ან შეიზღუდება. ორგანიზაცია მთავრობას, ასევე, იმ რუსული კომპანიების მონაწილეობის შეზღუდვისკენ მოუწოდებს, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაე განხორციელებული აგრესიის გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები