ზურაბიშვილი – უკრაინის მხარდაჭერაზე: "ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა ფინანსურ სანქციაში, ხელს ვაწერთ ყველა რეზოლუციას"
31/03/2022 19:45:07 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში ქვეყნის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწსებულ საერთაშორისო სანქციებს და რატომ არ გააგზავნა კიევში მატერიალური დახმარება თავდაცვისთვის, ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:
"ვფიქრობ, ეს არ არის ზუსტი აღწერა. ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და ეს ნამდვილად არის რაღაც ქართული ფინანსური სექტორისთვის. ჩვენ ასევე ხელს ვაწერთ ყველა რეზოლუციას, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა. თბილისში თუ ჩამოხვალთ, ყველგან უკრაინულ დროშებს დაინახავთ. საქართველოს მოსახლეობის მხრიდან უამრავი ინიციატივა იყო, რათა უკრაინისადმი მათი მხარდაჭერის დემონსტრირება მოხდეს, რადგან ჩვენ ვიზიარებთ რუსული აგრესიის საერთო ორსაუკუნოვან ისტორიას და ჩვენ ვიცით ეს რას ნიშნავს. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვართ სოლიდარულები უკრაინის მიმართ. [...] რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, თუ შეკითხვა ეხება უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას, ეს არის ის რაზეც მხოლოდ გამეღიმება. საქართველო არ არის ის ქვეყანა, ვინც შეიარაღებას გაგზავნიდა. ბევრი სხვა ქვეყანა, რომელთაც მე-5 მუხლი იცავთ, შეუძლიათ ამის გაკეთება და აკეთებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნები დაცულები არიან და აქვთ თავიანთი უსაფრთხოების გარანტიები. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხრივ, სრულად უკრაინის პრეზიდენტის მხარეს ვდგავარ და ვამბობ, რომ ვისაც მეტი შეუძლია, მეტი უნდა გააკეთოს".


