თორნიკე გორდაძე: “ეს რეჟიმის დასასრულის დასაწყისია”

01-04-2022 00:37:10 ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც 24 თებერვალს ვლადიმირ პუტინის ბრძანებით დაიწყო, დიდწილად გამოძახილია მეზობელი ქვეყნების მიმართ მოსკოვის მრავალწლიანი პოლიტიკის. ეს ომი უკვე შეეხო კავკასიის რეგიონს – და არა მარტო იმ კუთხით, რომ მასში რუსეთის მხარეს ბრძოლას ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების წარმომადგენლებს აიძულებენ.

იმაზე, თუ რა მოვლენებს ვადევნებთ ამჟამად უკრაინაში თვალს, ასევე ამ ომში კავკასიის ადგილსა და როლზე “The International Institute for Strategic Studies”-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (Sciences Po) ლექტორ თორნიკე გორდაძის ხედვებს გთავაზობთ.

– რატომ გადაწყვიტა რუსეთის პრეზიდენტმა მაინცდამაინც ახლა, უკრაინაში შეჭრილიყო?

– ჩემი აზრით, აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. უპირველესად, ეს არის საერთაშორისო ვითარების მისეული აღქმა, რომელიც პუტინს წელიწადნახევრის წინ, ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გაყალბებული ე.წ. არჩევნების შემდეგ ჩამოუყალიბდა. მის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლების ფონზე ლუკაშენკომ დახმარებისთვის პუტინს მიმართა – და ამ უკანასკნელმა ამ გზით ბელარუსი მიიღო. ეს “რუსული სამყაროს” პირველ ეტაპად იქცა და რუსეთის პრეზიდენტს ამ გზის გაგრძელებისკენ უბიძგა. მან მოიპოვა ტერიტორია, საიდანაც კიევამდე სულ რაღაც 80–90 კმ-ია. სამხედრო თვალსაზრისით, ბელარუსი ძალიან კარგი საჩუქარი იყო მოსკოვისთვის.

მეორე: პუტინი დარწმუნებული იყო, რომ დასავლეთი დასუსტდა. ავღანეთის მოვლენებმა აჩვენა, რომ აშშ-მა წააგო და ამ ქვეყანაში საკუთარი წარმოდგენილობის უზრუნველყოფის უნარი არ აღმოაჩნდა. ავღანეთიდან ამერიკული ჯარის მოუმზადებელი, უცაბედი გაყვანა პუტინმა აშშ-ის სისუსტისა და მსოფლიო პოლიტიკაში აბსოლუტური დომინირების კუთხით ამერიკის უკან დახევად აღიქვა. ამასთანავე, ყოველთვის არსებობდა მოსაზრება, რომ დემოკრატები რბილები არიან საგარეო პოლიტიკაში... ერთი სიტყვით, პუტინი ბაიდენს სათანადოდ ვერ აფასებდა.

მესამე: გაირკვა, რომ პუტინი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად, ძალზე ვიწრო წრესთან კონსულტაციების გზით იღებს, რაც მას მოწყვეტილად აქცევს რეალობისგან, რადგან მის ამ უახლოეს გარემოცვაში არ იძებნებიან პირები მისგან განსხვავებული აზრით. ანუ, პუტინი საკუთარი აღქმების გვირაბში იმყოფება.

პუტინისთვის უკრაინა შესაძლოა, მთელი მისი პოლიტიკური კარიერის მთავარ მიზნად იქცეს. იგი ქვეყნის ერთპიროვნული მმარველია, უკვე დაბერდა, შესაძლოა, გააჩნია მულტიმილიარდიანი ქონება... თითქოსდა რა უნდა ისურვო მეტი? მაგრამ არა, მას ისტორიაში უნდა შესვლა. ამ კონტექსტში უკრაინის დაპყრობა-განადგურება ეწერება “რუსული სამყაროს” მისეულ ხედვაში. ამავდროულად, ეს არის დარტყმა დასავლეთის ამბიციებზე: პუტინი ხომ უკრაინას დასავლეთს ართმევს. ამდენად, ის, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, ეს არის პუტინის ამბიციური გეგმების რეალიზება. ის ხანშია შესული და ჩქარობს.

– ელოდნენ თუ არა მოსკოვში უკრაინაში შეჭრაზე მსგავს რეაქციას?

– სამწუხაროდ, დასავლეთმა მანამდე დაუშვა ბევრი შეცდომა, საქართველოში ომის 14 წლისა და ყირიმის ანექსიის 8 წლის განმავლობაშიც. ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთი მუდმივად ცდილობდა რუსეთთან შეთანხმებას, უთმობდა მას არაერთ პრინციპულ საკითხში. დასავლეთის დამოკიდებულება პუტინის მიმართ – ეს იყო დამოკიდებულება ქვეყნის ლიდერის მიმართ და არა მარგინალი პოლიტიკოსის, როგორსაც ის დასაბამიდანვე, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე წარმოადგენდა. დასავლელი პოლიტიკოსები ლოცვასავით იმეორებდნენ: "პუტინთან საუბარია საჭიროო". რუსეთში კი ამას დასავლეთის სისუსტედ აღიქვამდნენ.

დიახ, უდავოდ, პუტინთან საჭიროა საუბარი, მაგრამ ისე, როგორც თავად აკეთებს ამას. მას აქვს ჩვევა, ისაუბროს და თან იომოს, დაიპყროს ქვეყნები. მოსკოვმა დაასკვნა, რომ შეუძლია, აკეთოს, რაც მოესურვება, ხოლო შემდეგ მუქარის ხარჯზე დაუსჯელი რჩებოდეს. ყველაფერი კეთდებოდა დაძაბულობის განსამუხტად. დასავლეთი იღებდა იმას, რისი მიღებაც კატეგორიულად დაუშვებელი იყო პირველივე მომენტიდან. მას ჰმართებდა, თავად გადაედგა გარკვეული ნაბიჯები და მხოლოდ შემდეგ ემართა მოსკოვთან დიალოგი. მაგრამ ამის ნაცვლად, ისე გამოდიოდა, თითქოს დასავლეთი მუდმივად ეხვეწებოდა და ემუდარებოდა რუსეთს, აღარ ჩაედინა ბოროტება, ისე, რომ თავად არაფრით ემუქრებოდა, პირიქით, იმთავითვე უჩვენებდა საკუთარ სისუსტეს. კრემლში, უდავოდ, ჩათვალეს, რომ დასავლეთს ადექვატური რეაგირების უნარი არ გააჩნია. ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის ერთიანობის არარსებობა კი ხელს უწყობდა მათ გამოჩენას, ვინც პუტინთან დიალოგის მომხრე იყო.

მაგრამ ამჯერად დასავლეთში გააცნობიერეს, რომ მოსკოვმა წითელი ხაზი გადაკვეთა. თუ ადრე ომები მიმდინარეობდა “სადღაც შორს” – ჩეჩნეთში, საქართველოში, “რაღაც გაუგებარ” ყირიმსა და დონბასში, ახლა ომი ევროპას მიადგა. მოსკოვის მხრიდან მომავალი საფრთხის შესახებ ალაპარაკდნენ თავად ევროპელები – პოლონეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბალტიისპირეთი. ახლა ევროპის მაცხოვრებლებმა გააცნობიერეს, რომ ომი პირადად მათ ეხებათ.

მიმდინარეობს მძლავრი შეტევა ევროპის უმსხვილეს სუვერენულ სახელმწიფოზე, რომელიც ამავდროულად მეშვიდეა მოსახლეობის რიცხოვნოთ. ხელისუფლების დამხობის მიზნით მსგავსი სახის შეჭრა ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი ევროპული სახელმწიფოებისთვის პოლონეთში 1939 წლის შეჭრასთან და ქვეყნის ორ ნაწილად – გერმანიისა და სსრკ-ის გავლენის სფეროებად დაყოფასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ იქცა ამჟამინდელი ომი ევროპისთვის ერთგვარ შოკად.

ახლა უკვე ვეღარ ვხედავთ, რომ რომელიმე დასავლელი ლიდერი ვინმეს პუტინთან საუბრის გაგრძელებას სერიოზულად სთავაზობდეს. ამჯერად მოსკოვში დაინახეს ერთიანი დასავლეთი, რომელიც არა მარტო არ ეთანხმება რუსეთის ქმედებებს, არამედ თავადაც ემუქრება მოსკოვს და მისგან დათმობებზე წასვლას მოითხოვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსი პოლიტიკოსების იმედი, რომ დასავლურ კოალიციაში ერთიანობა არ იქნებოდა, ვერ გამართლდა. რუსეთის მუდმივმა მოკავშირე სერბეთმაც კი გაერო-ში მხარი დაუჭირა უკრაინაში შეჭრის დამგმობ რეზოლუციას. მოსკოვმა უდავოდ იცოდა, რომ მის წინააღმდეგ შეიძლებოდა, გარკვეული სანქციები შემოეღოთ, მაგრამ ესოდენ ძლიერ დარტყმას ვერ წარმოიდგენდა.

თუნდაც იქიდან ამოვიდეთ, რომ ჩინეთს შეუძლია, ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი ნაწილობრივ ამოავსოს, იგი თანაწონადი ვერ იქნება, ვინაიდან ევროპა გაცილებით მეტ ნავთობსა და გაზს ყიდულობდა, ვიდრე სადღეისოდ ჩინეთს სჭირდება. რომც ვივარაუდოთ, რომ ჩინეთი, საბოლოო ჯამში, მეტს იყიდის, რუსეთი მაინც ვეღარ უკარნახებს თავის პირობებს, პირიქით, პეკინის წესებით მოუწევს თამაში. ამასთან, ჩინეთში ესმით, რომ აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მეორადი სანქციების რისკის ქვეშ რჩებიან და ეს პეკინს რუსეთთან აქტიური თანამშრომლობის საშუალებას უზღუდავს.

– როგორ შეიძლება, უკრაინის ომთან დაკავშირებული მოვლენები კავკასიის რეგიონზე აისახოს?

– კავკასიასთან მიმართებაში რამის პროგნოზირება ყოველთვის ჭირს რეგიონის ქვეყნების მთავრობებში სტაბილურობის არარსებობის გამო. იგივე საქართველო რომ ავიღოთ, რომლის მთავრობამ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს მხარი არ დაუჭირა და მეტიც, რუსეთთან მიმართებაში სიტყვა “აგრესორსაც” კი არ იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობას აღიარებს. ამავდროულად ქართველმა ხალხმა ცალსახად გამოხატა უკრაინისადმი მხარდაჭერა, რაც მრავალათასიანმა მიტინგებმაც აჩვენა.

საქართველოსთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის, რომ ქვეყნის ოფიციალური პოზიცია საქართველოს უმსხვილეს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა. მას ეშინია რუსეთის და მის მიმართ ლოიალობას დემონსტრირებს. ოლიგარქს არ სურს, წააგოს, მას ესმის, რომ თუ რუსეთი დამარცხდება, თავადაც წააგებს. სწორედ ამიტომ არ უგულებელჰყოფს იგი ახლა პრეზიდენტის ინსტიტუტს სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელიც თავად ნაკლებ სავარაუდოა, მზად იყოს, პრორუსული რეჟიმის წარმომადგენლად იწოდებოდეს და ახლა ამ წინააღმდეგობრივ ვითარებაში სიტუაციის გადარჩენას ცდილობს. ეს აწყობს ივანიშვილს, რომელიც რუსეთის წაგების შემთხვევაში გამოაცხადებს, აი, ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობისგან განსხვავებით, დასავლეთის ინტერესებში მოქმედებდაო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე პრეზიდენტს. პრიორიტეტების ამ განლაგებაში საგულისხმოა, რომ ივანიშვილს რუსეთის უფრო ეშინია, ვიდრე დასავლეთის.

– რატომ იყენებს რუსეთი უკრაინაში ესოდენ აქტიურად ჩეჩნების ფაქტორს?

– ჩემთვის ეს იგივე მიზეზებია, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა 2008 წელს საქართველოშიც. უპირველესად, ეს არის “მხეცი” ჩეჩნების იმიჯის კულტივირება, მათი წარმოჩენა მძლავრ იარაღად რუსეთის ხელში. ეს ფსიქოლოგიური მომენტია: აი, მოდიან ჩეჩნები, იქნება სისხლისღვრა. ეს ერთგვარი ნაწილია ესკალაციისა, ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა.

მეორე: “მხეცი” ჩეჩენი მეომრების ფონზე რუსი სამხედროების იმიჯი უფრო დადებითად აღიქმება.

მესამეც: ჩეჩნების გამოყენებით პუტინი ისლამურ ქვეყნებს უბამს მხარს. ჩვენ ვხედავთ, როგორ თამაშდება რამზან კადიროვის კარტი ახლო აღმოსავლეთის მიმართ რუსულ პოლიტიკაში. მოსკოვი აჩვენებს, რომ რუსეთი – ეს არაა მარტო ქტისტიანული სახელმწიფო და მუსლიმების მონაწილეობა მას ისლამურ სამყაროსთან ერთ საფეხურზე აყენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთისთვის დასავლური ფასეულობები ხშირად იმგვარადვე აღიქმება, როგორც ისლამურ რადიკალურ ელემენტებს შორის. ანუ, ვხედავთ, რომ მოსკოვი ცდილობს, ჩამოაყალიბოს ერთგვარი ანტიდასავლური დემოკრატიის ალიანსი, რომელშიც ის საკუთარ თავს აქტიურ მონაწილედ განიხილავს.

უნდა გვახსოვდეს, რომ კადიროვის სახელი იმპონირებს მიგრანტების რადიკალურ ნაწილსაც, ახალგაზრდობას პარიზის გარეუბნებში. მას იქ ისევე იცნობენ, როგორც პუტინს. ამასთან, ნაკლებ სავარაუდოა, მათ შორის ბევრი მოიძებნოს ისეთი, ვისაც ამ ორის გარდა, კიდევ შეეძლება რუსი პოლიტიკოსების დასახელება.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს სხვა ჩეჩნეთიც, რომელიც ამ კონფლიქტში უკრაინის მხარეს იბრძვის. არსებობს ჩეჩნეთი, რომელიც წარმოდგენილია 200–300 ათასი ჩეჩენით ემიგრაციაში. მათ რესპუბლიკა კადიროვის რეჟიმისა და ნულოვან წლებში რუსული არმიის ქმდებების გამო დატოვეს. არ იქნებოდა ურიგო, უკრაინის ხელისუფლებას ეს რესურსი არ დაევიწყებინა და ყოველმხრივ გამოეყენებინა, რადგან ეს ადამიანები მზად არიან, უკრაინას დაეხმარონ. ეს გააცამტვერებდა მითს, თითქოს ყველანი პუტინის რეჟიმს, მის პოლიტიკასა და მათ უჭერენ მხარს, ვინც დღეს უკრაინაში რუსული დროშის ქვეშ იბრძვის. ამავდროულად, ეს შეარყევდა თავად კადიროვისადმი დამოკიდებულებას როგორც რუსეთის, ისე უკრაინის სლავურ მოსახლეობაში, რომელსაც დღეს “თანამოქალაქეებად” წარმოაჩენენ.

– საბოლოო ჯამში, რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში უკრაინაში რუსეთის ქმედებებისაგან?

– ეს რუსეთში მოქმედი რეჟიმის დასასრულის დასაწყისია. და ეს შესაძლოა, წაადგეს დასავლურ სამყაროს, რომელიც იძულებული იყო, ბოლო წლებში თვალი ედევნებინა მოსკოვის გამუდმებული მცდელობებისთვის, დასავლეთის ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაცია მოეხდინა საკუთარი პროპაგანდით, შიდა საქმეებში, არჩევნებში ჩარევით. ამჟამინდელი სანქციები საშუალებას იძლევა, დაირღვეს ის წესრიგი, რომელიც ჩვეული იყო რუსეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები