"ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის, ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფის მცდელობის შედეგებს"
01/04/2022 06:13:31 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთის, ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფის მცდელობის შედეგებს.
"არც დე ფაქტო მთავრობას და არც რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება საქართველოს ნაწილის – სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი მომავალზე. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის, ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფის მცდელობის შედეგებს. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ნედ პრაისმა.
30 მარტს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.


