Accentnews.ge
ბათუმსა და რუსთავში არჩევნები იმართება

ბათუმსა და რუსთავში არჩევნები იმართება

02/04/2022 07:51:49 პოლიტიკა

დღეს, 2 აპრილს, ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს. რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: მამუკა ტუსკაძე #34 - "სოციალური სამართლიანობისათვის"; ირაკლი შატაკიშვილი #41 - "ქართული ოცნება" და კამალ მურადხანოვი #59 "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია". ამ არჩევნებში კენჭს აღარ იყრის "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე - მან უკრაინაში რუსეთის მხრიდან დაწყებული საომარი მოქმედების გამო გადაწყვეტილება შეცვალა და არჩევნებისთვის საჭირო თანხის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმართვა არჩია.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი, №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს. ბათუმში ბიულეტენზე ორი კანდიდატია: მათე ფუტკარაძე #5 - "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე #41 - "ქართული ოცნება.

ბათუმში არჩევნები საპილოტო რეჟიმში ელექტრონული წესით ტარდება, რის გამოც 23-2 უბანზე შეფერხებაც დაფიქსირდა, რაც მალევე აღმოიფხვრა.

ცესკოს ცნობით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 590 დამკვირვებელი და ოთხი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი.

საარჩევნო პროცესს აშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე გამოიყენება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, ხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში.

პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა. ამ არჩევნების შემდეგ, ყველა მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კაცი იქნება.

ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება. ფუტკარაძე არჩევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. "ნაციონალურ მოძრაობაში" თანაგუნდელის გარდაცვალებას ზეწოლას უკავშირებენ. ამ პარტიამ მაჟორიტარ კანდიდატად გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე დააყენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S