უმძიმესი ბრალდება თბილისს: გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ უკრაინის დაზვერვას?

04-04-2022 21:15:16 ინტერვიუ

როგორც ჩანს, მმართველი გუნდის წევრები არც ამჯერად გეგმავენ, უღალატონ ტრადიციად ქცეულ მიდგომას, შიდაპოლიტიკურ ჭრილში განიხილონ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში გამოკვეთილი პრობლემები (რომელიც კონტექსტის გათვალისწინებით ეხება საგარეო პოლიტიკურ არჩევანსაც), მოიხსნან პასუხისმგებლობა, კვლავ ოპოზიციაში მოიძებნონ „დამნაშავეები“ და ამგვარი სურათი შესთავაზოს საზოგადოებას. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უმძიმესი ბრალდებების შემდეგ, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნისო", მმართველ გუნდში ბევრი არ უფიქრიათ, ემხილებინათ „მთავარი დამნაშავე“: ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა გაიხსენა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილის პოზიციაზე გამწესებული გია ლორთქიფანიძე, შემდეგ მისმა კოლეგებმა მამუკა მდინარაძემ და გია ცაგარეიშვილმა მიანიშნეს ენმ–ზე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცნობას „ტყუილი და პარტნიორი ქვეყნისგან მიუღებელი დეზინფორმაცია“ უწოდა.

რა მოხდა

დღის პირველ ნახევარში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის" და რომ საუბარია სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".

მოგვიანებით უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას:

„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია სამხედრო ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა „ფორმულას“ ეთერში და დასძინა: „მე, როგორც ვიცე–პრემიერი, როგორც მინისტრი, ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“.

რას პასუხობს თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება" უწოდა და ირწმუნება, რომ "საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი“.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას", – ამბობენ ფინანსთა სამინისტროში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერ საჯარო რეაგირება არ მოუხდენია, თუმცა როგორც უწყებაში ჟურნალისტებს კომუნიკაციისას განუცხადეს, ბრალდებებს განცხადებით უპასუხებენ, რომელიც მასალაში გავრცელებისთანავე აისახება.

სერიოზული ბრალდება არგუმენტირებულ პასუხებს საჭიროებს

რა საფუძველი გვაქვს, არ ვენდოთ უკრაინის დაზვერვის სამსახურს? რაში უნდა სჭირდებოდეს კიევს მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება? – ამ კითხვებით „აქცენტმა" ანალიტიკოსს უსაფრთხოების საკითხებში, პარტია „საქართველოსთვის“ წევრ კახაბერ ქემოკლიძეს მიმართა, რომელსაც ქართულ სპეცსამსახურში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

ქემოკლიძე მიანიშნებს, რომ ოფიციალური უწყების მხრიდან გაჟღერებული მსგავსი სერიოზული ბრალდება სულ მცირე, სამი ფაქტორის გათვალისწინებითაა მნიშვნელოვანი:

  • ბრალდება ისმის სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან;
  • ბრალდება ჟღერს ქვეყნის მხრიდან, რომელიც შენს მტერთან ღია სამხედრო კონფრონტაციაში იმყოფება;
  • ბრალდება ჟღერს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს უკრაინას სწორედ სანქციების კონტექსტში.

„ეს სერიოზული ბრალდებაა, რაც მხოლოდ ერთი საპასუხო განცხადებით ვერ ამოიწურება: უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახური ძალიან ძლიერი და ულტრა შესაძლებლობების მქონე უწყება არ არის (ქვეყანა ომშია, ასეთი სამხედრო კონფრონტაციის დროს რესურსები კიდევ უფრო გაწელილი და გადაღლილია), მაგრამ ძალიან აქტიურად თანამშრომლობს დასავლეთის საუკეთესო სპეცსამსახურებთან და ეჭვი მაქვს, ეხმარებიან, მათ კი თავიანთი აგენტურული ქსელები ჰყავთ რუსეთში, ცენტრალურ აზიაში და ა.შ. შესაძლოა, საქართველოშიც. ეს ინფორმაცია კონტექსტის გათვალისწინებით ძალიან სერიოზულადაა მისაღები: ჩემი ვარაუდით, მათ აქვთ რაღაც ტიპის ინფორმაცია, რომელიც თეორიის დონეზე, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეულ ცდომილებას, მაგრამ ახლა ბურთი თბილისის „მოედანზეა“ და ეს „ბურთი“ აუცილებლად უკანაა დასაბრუნებელი კონსტრუქციულად, პროფესიონალურად და არა დიპლომატიური სკანდალის შექმნით, როგორც აქამდე გაუკეთებიათ თავიანთი სამწუხარო არაკომპეტენტურობით“.

როგორც ქემოკლიძე განმარტავს, უკრაინული მხარე აქტიურ, აგრესიულ, საკმაოდ კარგად გათვლილ სტრატეგიულ კომუნიკაციას აწარმოებს და რომ ოპერატიულ დონეზე გამართლებული მეთოდია, როდესაც შენს ხელთ არსებულ ინფორმაციას პრევენციულად ღია წყაროებით აჟღერებ, რათა, თუკი რაიმე აქტიური ღონისძიება იგეგმება, მათ შორის აგენტურული ქსელების მეშვებით, თავიდან აირიდო:

„ვინაიდან ბრალდებების სერიოზულობა სერიოზულ პასუხებს მოითხოვს, ნებისმიერ შემთხვევაში (არ აქვს მნიშვნელობა, ინფორმაცია დადასტურდება თუ არა), თუ კითხვის ნიშნები არსებობს (და როგორც ჩანს არსებობს), მათ მკაფიო პასუხები სჭირდება. შესაძლოა, ამას დასჭირდეს ვიზიტის განხორციელება, პარტნიორების მოწვევა – თუ მათაც აქვთ კითხვები, რომ პასუხები გაეცეს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს! უსაფრთხოების სისტემაში ყველაფერი ნდობაზეა დამოკიდებული. როდესაც შენ წლების განმავლობაში სტრატეგიულ მოკავშირეებთან, მათ შორის უკრაინის სპეცსამსახურებთან აშენებ ნდობას, შესაძლოა, ერთ დღეში ჩამოგენგრეს, თუკი მათ ინფორმაცია მიუვიდათ, შემდეგ ეს ინფორმაცია დაილექა და რაც მთავარია, პასუხგაუცემელი დარჩა. დარწმუნებული ვარ, კითხვებს პარტნიორებიც გაიმეორებენ და იმავეს მოითხოვენ, რასაც უკრაინელები ითხოვენ“.

ამ კონტექსტში მას აბსურდულად მიაჩნია ბრალდების „ისრის“ გიორგი ლორთქიფანიძეზე გადატანა და იმედს იტოვებს, რომ მსგავსი არგუმენტით უსაფრთხოების სამსახური არ იხელმძღვანელებს, მისი ხედვით, უსვამს რა ხაზს მსგავსი პოზიციონირება არაკომპეტენტურობას, უსუსურობასა და ინსტიტუციურ სისუსტეს:

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური არის ძალიან დიდი უწყება, ბატონი ლორთქიფანიძე პირადად ჩემი და ღია წყაროებით გამოსული ინფორმაციით, არის ერთ–ერთი მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე. იქ მუშაობს ასეულობით ადამიანი, არის ათეულობით დეპარტამენტი და ასეულობით დეპარტამენტის მოადგილე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არგუმენტს უსაფრთხოების სამსახური არ დაეყრდნობა“.

კითხვაზე, არის შესაძლებელი სანქცირებული ტვირთი ისე აღმოჩნდეს რუსეთის ტერიტორიაზე, ამის შესახებ საჯაროდ არ გახდეს ცნობილი, ქემოკლიძე პასუხობს, რომ „როდესაც არსებობს ნება, იქ ყოველთვის მოიძებნება გამოსავალი“:

„უკრაინელები ამ განცხადებაში სწორედ იმაზე მიანიშნებენ, რომ ეს არ არის ვიწრო, ჩინოვნიკების გადაწყვეტილება, რომ ეს არის მაღალ პოლიტიკურ დონეზე კოორდინირებული ძალიან პრობლემური ქმედება. ამიტომ, თუ მიღებულია გადაწყვეტილება „მწვანე დერეფნის“ თაობაზე, ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა იმედი მაქვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობენ გონიერი, პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები და ამას არ დაუშვებენ“.

ქემოკლიძე დარწმუნებულია, რომ მოვლენათა მსგავსი არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში შედეგი იქნება ძალიან სერიოზული, პოლიტიკურად დამაზიანებელი სანქციები, რომელზეც პირდაპირი მინიშნება გააკეთეს დასავლური სახელმწიფოების ლიდერებმა:

„60 დღის წინ წარმოგედგინათ, რომ ისტორიულად ნეიტრალური ქვეყანა – შვეიცარია რუსეთს სანქციებს დაუწესებდა? ან ფრანგები შეიცვლიდნენ განწყობას და გახდებოდნენ უზომოდ აგრესიულნი? დღეს ტექტონიკური ცვლილებები მიმდინარეობს, ხოლო ჩვენ ამ დროს ვრისკავთ იმას, რომ აღმოვჩნდეთ ისეთი ფარდის მიღმა, სადაც პლანეტაზე არსებული 200–მდე სახელმწიფოდან წარმოდგენილნი არიან მხოლოდ რუსეთი, ასადის და მადუროს რეჟიმები და კიდევ რამდენიმე კუნძული. ეს იქნება უდიდესი შეცდომა, თუ კი ის დაშვებულ იქნა!“,– ამბობს ქემოკლიძე და დასძენს, რომ „ამ შემთხვევაში ჩვენი – საზოგადოების ვალია, არ დავაშვებინოთ მსგავსი შეცდომა! არ დავუშვათ, ფარდის ბნელ მხარეს აღმოვჩნდეთ!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები