ილვესი – უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე: "თუ ეს სიმართლეა, ცუდად იმოქმედებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერაზე"
04/04/2022 17:20:09 პოლიტიკა
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
"თუ ეს სიმართლეა, ეს ცუდად იმოქმედებს ევროკავშირის ან აშშ-ს ნებისმიერი სახის მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ. სანქცირებული ქვეყნებში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის კონტრაბანდა სერიოზული დანაშაულია", – წერს ილვესი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.
ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.
კიევის ბრალდებას უპასუხა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე და აცხადებს, რომ ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას".


