Accentnews.ge
"ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას"

"ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას"

04/04/2022 19:51:36 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი აცხადებს, რომ "ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას".

ამის შესახებ მან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადების კომენტირების დროს აღნიშნა.

"ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაერო–ში მნიშვნელოვანი კენჭისყრები, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ეს კონტაქტი კვლავ გვექნება. კონკრეტული ქვეყანაზე საუბრის გარეშე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, გვერდი აუაროს აშშ–ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს, ან ის ქვეყნები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ, კრემლის ომის მხარდაჭერას, შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან", – განაცხადა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".

გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.

კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა:

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე და აცხადებს, რომ ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S