"უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით"
05/04/2022 07:34:05 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "უკრაინიდან საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახით ჯერ კიდევ ომის წინ შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი“.
"მე უკეთეს ამბავს შეგახსენებთ, უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი შეგიძლიათ, თქვენ მოიკითხოთ, “- განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება/არდამტკიცებას, ეს არის პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა:
„რიდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი - უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, თუმცა ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ვერც ვერავითარ წყაროს და მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ. ამას აქვს მარტივი მიზეზი - ეს არის აბსურდი".
ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.
ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".
გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.
კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა:
"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე და აცხადებს, რომ ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას".


