"სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე ყველგან რევენ სიტუაციას, სადაც კი შეუძლიათ, უკრაინას არ წაადგება ხელისუფლებაში ეს ადამიანები ამ მძიმე ვითარებაში"
05/04/2022 08:06:10 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის "მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ლორთქიფანიძე ყველგან რევენ, სადაც კი შეუძლიათ და უკრაინას არ წაადგება ხელისუფლებაში ეს ადამიანები ამ მძიმე ვითარებაში".
კობახიძე აბსურდს უწოდებს უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქციის გატარების შესახებ. მისი თქმით, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში არიან საქართველოში არსებული "რადიკალური ოპოზიცია" ალოგიკური ნაბიჯები ბუნებრივია.
"ადამიანები, რომლებიც აქ რადიკალურ ოპოზიციაში არიან, იქ ხელისუფლების ნაწილი არიან. იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება ამ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესების რეალიზებას. [...] ეს ადამიანები ყველგან რევენ, სადაც კი შეუძლიათ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ამაში აქვთ წვლილი, ეს ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ, უკეთეს შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა დღესაც არიან. [...] რა თქმა უნდა, როგორც ორმხრივი ურთიერთობისთვის, ასევე თავად უკრაინისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი სტაბილურობისთვის, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ სხვა არჩევანი გააკეთა. რაც სამწუხაროდ, უკრაინას არ წაადგება იმ მძიმე ვითარებაში, რომელიც დღესაც არის", - განაცხადა კობახიძემ.


