"უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის, ჩვენ კი ჩაბარებისთვის გვამზადებენ"
05/04/2022 09:09:05 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როცა უკრაინა გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველოს ოკუპანტებისთვის ჩაბარებისთვის ამზადებენ. ამის შესახებ მან მისსავე სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
"მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩაბარებისთვის ლოზუნგით "აბა, ომი ხომ არ გინდათ". მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამ ლოზუნგს ჭამს. ომი და უბედურება მას შემდეგ დაიწყება, როცა ჩაგვაბარებენ... ბუჩა [ქალაქი უკრაინაში] ჩაბარებული იყო იმ კუთხით, რომ ოკუპირებული იყო. ბუჩაში ვისაც ხელები დაუკოჭეს, დახოცეს და ტყვია ესროლეს, იმ ხალხს არ ჰქონდა წინააღმდეგობის თავდაპირველი სურვილი. ის ხალხი უბრალოდ დახოცეს იმიტომ, რომ როდესაც ოკუპანტი შემოდის, ის მერე იწყებს ხოცვას. გავიგოთ, რა საფრთხეც გვაქვს - თუ საქართველოს ჩააბარებენ აქ, თბილისში - მათ ჩვენ ვეზიზღებით და მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს",- განაცხადა სააკაშვილმა.
მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას - "ნაციონალურ მოძრაობას" "ომის პარტიას" უწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ ამისკენ არის მიმართული მათი ქმედებები. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიზანია ქვეყანაში ომი დაიწყოს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.


