Accentnews.ge
წულუკიანი უკრაინელ კოლეგას პასუხობს: "ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად"

წულუკიანი უკრაინელ კოლეგას პასუხობს: "ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად"

05/04/2022 11:05:31 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის განცხადებას რუსული "კონტრაბანდის" საქართველოს ტერიტორიაზე გატარებასთან დაკავშირებით.

წულუკიანი ვერეშჩუკს მიმართავს, არ აჰყვნენ "გაქცეულ, ძებნილ, კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს".

"მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი. ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ხანდახან. ვისურვებდი, რომ ისინი არ აჰყვნენ სწორედ ჩვენგან გაქცეულ ძებნილ კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს, რომლებიც უარს ამბობენ ისეთ სისასტიკეებზე აგონ პასუხი, რომლებიც საკუთარი ხალხის წინაშე ჩაიდინეს და ითანაშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან, საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი, ამას ჩვენი ხალხი და მთავრობა ყოველდღიური საქმიანობისას ფაქტებით ამტკიცებს, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.

ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".

გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.

4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა.

5 აპრილს სუს–მა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, მიაწოდოს მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S