კალაძე – კულებაზე: "ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი, კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ"
06/04/2022 10:20:53 პოლიტიკა
"ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი, კეთილი ინებონ და თუ რაიმე მტკიცებულებები გააჩნიათ, წარმოადგინონ", – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებას.
მისი თქმით, უკრაინის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.
„მე ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია. ყველანაირად თავს ვიკავებთ, რომ რაღაცა კომენტარი გავაკეთოთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ და არა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პლატფორმებზე მიღებული და ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ. საქართველოში არსებობს კანონები და კანონების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციებში მყოფი კომპანიები, რა თქმა უნდა, საქართველოში ვერანაირ მოღვაწეობას ვერ შეძლებენ," - აღნიშნა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა საქართველოს ელჩისგან ელის მტკიცებულებებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.
ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.
ამასთან, როგორც უწყების მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".
გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.
4 აპრილს კიევის ბრალდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული" უწოდა.
5 აპრილს სუს–მა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, მიაწოდოს მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.


