Accentnews.ge
რას უქადის პუტინის რუსეთის "მეგობრებს"  გარიყულ ქვეყანასთან მეგობრობა

რას უქადის პუტინის რუსეთის "მეგობრებს" გარიყულ ქვეყანასთან მეგობრობა

06/04/2022 11:33:55 ანალიზი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც 24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინის ბრძანებით დაიწყო, მსოფლიოს ცვლის. რუსეთი, რომელსაც მანამდე ვიცნობდით, აღარ არსებობს. ზესახელმწიფოდან იგი ყოველდღიურად სულ უფრო ღარიბ, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყნად იქცევა. მისი ლიდერი, რომელსაც ჯერ კიდევ ორიოდ თვის წინ დასავლეთში “strong man”-ად მოიხსენიებდნენ, ახლა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის “mad man”-ია ერთადერთი პერსპექტივით - ან საკუთარმა გარემოცვამ გამოასალმოს სიცოცხლეს, ან ჩამოაგდონ და საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლოს, როგორც სამხედრო დამნაშავე. რუსული ჯარი კი, რომელიც "მსოფლიოს №2 არმიად" ითვლებოდა, ახლა ყველასთვის მხოლოდ სუსტად მომზადებული, ცუდად შეიარაღებული და აღჭურვილი, დროს ჩამორჩენილი სარდლების მიერ მართული ხროვაა, რომელიც ბრძოლაში კვლავინდებურად ეყრდნობა ძველისძველ რუსულ პრინციპს “сила есть – ума не надо”.

კრემლი წლების განმავლობაში ახერხებდა სასჯელის არიდებას სიცრუის, (როგორც ახლა გაირკვა) არარსებული "ზეიარაღით" დაშინების, ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსების მოსყიდვის, პოლიტიკური მიზნით ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებისა და სხვა მსგავსი არაკეთილსინდისიერი მეთოდებით. მას მეტისმეტად ბევრი რამ "ეპატია" - ჩეჩნეთის, საქართველოს, დონბასის ჩათვლით. ეს ყველაფერი მაშინ დასავლეთისთვის "სადღაც იქ" იყო, "შორს". მაგრამ ახლა, როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ომი ევროპის შუაგულში დაბრუნდა, ყველაფერი შეიცვალა. მსოფლიომ გამოიღვიძა და კრემლის აღარ სჯერა.

ნატო-ც, აშშ-ც, დასავლეთევროპული ქვეყნებიც, რომლებიც ყველაზე დაძაბულ მომენტებშიც კი "რუსეთთან საუბრის აუცილებლობის" იდეის ერთგულნი რჩებოდნენ (რაც არცთუ იშვიათად მოსკოვის წინაშე დათმობებით სრულდებოდა), ახლა ერთხმად აღიარებენ, რომ ეს მცდარი კურსი იყო. ისინი რუსეთს აგრესორად მოიხსენიებენ, ხოლო პუტინს - სამხედრო დამნაშავედ. “პარტნიორების მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, ჩვენ ვეჭიდებოდით ხიდებს, რომლისაც თავად რუსეთს აღარ სჯეროდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იმპერიული სიგიჟით შეპყრობილი პუტინი თავისი ქვეყნის სრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ გახრწნაზე წავიდოდა” – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და პირველად აღიარა მარცხი როგორც “რუსეთის მონაწილეობით საერთო ევროპული სახის შექმნის", ისე "ევროპული უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში რუსეთის ჩართვის" მიმართულებით. აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კი პუტინის სამხედრო დანაშაულებისთვის გასამართლებისკენ მოწოდებით გამოვიდა.

უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს მთელი რიგი სანქციები დაუწესეს, რომელიც არა მარტო პოლიტიკოსებსა და ჩინოსნებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც შეეხოთ. ასობით კორპორაციამ და ბრენდმა რუსეთში ბიზნესი შეწყვიტა. დაკეტილი ოფისები, რესტორნები, სალონები და ბუტიკები, ცარიელი დახლები, მედიკამენტების, ჰიგიენის საშუალებებისა და პირველადი საჭიროების სხვა საქონლის დეფიციტი, რუსეთის მაცხოვრებლების ბრძოლა შაქრისა და სხვა პროდუქტებისთვის - რიგით მოქალაქეთა მობილურებით გადაღებული და სოცქსელებში განთავსებული ეს კადრები მხოლოდ დასაწყისს ასახავს იმ მძიმე პროცესებისა, რომელიც "ახალ" რუსეთს ელის.

კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდას აყოლილი რუსეთის მაცხოვრებლები ამაში დასავლეთს ადანაშაულებენ და იმეორებენ, რომ "რიგითი მოქალაქეები არაფრის გამო ისჯებიან”. თუმცა არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა კოლექტიური პასუხისმგებლობა: ყველას, ვინც პუტინის 22-წლიანი მმართველობა უზრუნველყო და ახლაც კი მხარს უჭერს რეჟიმის ქმედებებს, მძიმე ფასის გადახდა მოუწევს ყველაფერში, რაც პუტინმა წარსულში ჩაიდინა და ახლაც სჩადის როგორც თავად რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ევროკომისიამ უკვე დააანონსა მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციების მეხუთე პაკეტი, მათ შორის - რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვა. ეს პირველი შემზღუდავი ნაბიჯი იქნება რუსეთის ენერგოსექტორის მიმართ – რომელიც პუტინის ქვეყნისათვის შემოსავლის უმთავრეს და ერთ-ერთ ბოლო წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, ევროკავშირს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა დამატებით ზომებზე, რომელმაც შესაძლოა, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაც მოიცვას. აშშ-მა და ბრიტანეთმა უკვე განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის იმპორტს წყვეტენ. პოლონეთი რუსული ნახშირისა და ნავთობის იმპორტის შეწყვეტას გეგმავს, ხოლო ლიტვა რუსეთის ბუნებრივ აირს აღარ იყენებს. «ევროპამ უნდა დააჩქაროს უარის თქმა რუსულ ენერგომატარებლებზე, გათავისუფლდეს ამ დამოკიდებულებისგან, დააწესოს სავალდებულო ემბარგო, რათა შეწყდეს ბომბების დაფინანსება», — განაცხადა ევროპული პარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეტსოლამ. ამასთან, მან ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინაში რუსული ჯარის სავარაუდო სამხედრო დანაშაულების საპასუხოდ მოსკოვის მიმართ დამატებითი სანქციების შემოღებისკენაც მოუწოდა. «უკრაინა წარმოუდგენელ პირობებში იბრძვის ჩვენი ფასეულობების დასაცავად. ევროკავშირმა რუსეთს ეს ქმედებები ყველაზე დიდ შეცდომად უნდა უქციოს, რომელიც კი მოსკოვს ოდესმე ჩაუდენია. ამასთანავე, უნდა ვდევნიდეთ ყველას, ვინც მხარს უჭერს პუტინს და საიმედოდ ამოვქოლოთ სანქციებისთვის გვერდის ავლის ყველა ხვრელი», — დასძინა მეტსოლამ. ასე, რომ ყველამ, ვინც დღემდე ენერგოდამოკიდებულია რუსეთზე, სასწრაფოდ უნდა იფიქროს დივერსიფიკაციაზე, ხოლო ვინც რუსეთს რამით მაინც ეხმარება სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კი 5 აპრილს რუსეთს საგარეო ვალის სანქციების ფარგლებში "გაყინულ" დასავლურ ანგარიშებზე არსებული სახსრებიდან დაფარვა აუკრძალა. ახლა მოსკოვს მოუწევს, ვალი იმ რეზერვებიდან იხადოს, რომლებიც დასავლეთმა ჯერ ვერ შეუზღუდა. "რუსეთს არჩევანი აქვს დოლარის ფასეული რეზერვების ამოწურვასა და დეფოლტს შორის", — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ “ეს აიძულებს მოსკოვს, თავისი ბიუჯეტის სხვა ხარჯვითი მუხლების, მათ შორის ჯარის დაფინანსება შეამციროს”. აქედან გამომდინარე, ყველამ, ვინც ფინანსურად მეტ-ნაკლებად დამოკიდებული იყო დეფოლტის რეალური რისკის წინაშე დამდგარ რუსეთზე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ალტერნატივების ძიება.

პარალელურად 40-ზე მეტი სახელმწიფო რუსეთისა და მისი ჯარის მიერ უკრაინაში სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ერთობლივ გამოძიებას აწარმოებს. დამოუკიდებლად იძიებს იგივეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორსო სასამართლოც. და სადღეისოდ უკვე საკმარისზე მეტი რაოდენობის მტკიცებულებებია მოპოვებული, რათა ამჯერად სასჯელს ვეღარავინ გაექცეს – ვერც პუტინი, ვერც მისი არმია, ვერც ნებისმიერი სხვა, ვინც ამა თუ იმ კავშირშია ამ გამაოგნებელ, უპირველესად თავად რუსეთისთვის უკიდურესად საზიანო სამხედრო ავანტიურასთან. შესაბამისად, იმ მცირერიცხოვან მოთამაშეებს, რომლებიც ჯერ კიდევ "მეგობრობენ" პუტინის რუსეთთან, ინარჩუნებენ მასთან პარტნიორულ თუ სამოკავშირეო ურთიერთობებს, ან უბრალოდ თანამშრომლობენ გარკვეულ საკითხებში, ჰმართებთ, კარგად დაფიქრდნენ, ხომ არ დადგა დრო, მთელს ცივილიზებულ სამყაროსა და ამჟამინდელ რუსეთს შორის დაპირისპირებაში სწორი მხარე აირჩიონ.

იმის თვალსაჩინო მტკიცებულებად, რამდენად კატასტროფულ უმცირესობაში აღმოჩნდა პუტინის რუსეთი მსოფლიოში, ამასწინათ გაერო-ში გამართული კენჭისყრის შედეგებიც გამოდგება: უკრაინას იქ მხარი აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 140-მა სახელმწიფომ დაუჭირა, ხოლო პუტინის რუსეთს - მხოლოდ 5-მა, თავად რუსეთის ჩათვლით (რუსეთის ფედერაცია, ბელარუსი, ერითრეა, ჩრდილოეთ კორეა, სირია). ჩინეთმაც კი - ტრადიციულმა მოკავშირემ პუტინისა, რომელიც ამ ომის წამოწყებისას პეკინზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდა, ამჯობინა, "შარისგან შორს" დაეჭირა თავი.

სხვათა შორის, გაერო - ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელთან დაკავშირებითაც აფხაზეთის ახალი "საგარეო საქმეთა მინისტრი", კრემლის მიერ ხელდასმული ინალ არძინბა სულ ცოტა ხნის წინ ასე აიმედებდა მოსახლეობას "ფართო საერთაშორსო აღიარების მიღწევის" კუთხით. ორგანიზაციაში ამ პროცესის ლოკომოტივის როლი აფხაზეთის "სტრატეგიულ მოკავშირე" რუსეთს უნდა ეკისრა. ვფიქრობ, ყოველივე ზემოთთქმულის, მათ შორის გაერო-ში გამართული კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, ზედმეტი იქნება იმის ახსნა, რატომ ამოიძირკვა აფხაზეთისთვის, ისევე, როგორც ე.წ. "სამხრეთ ოსეთისთვის", ძირშივე ეს პერსპექტივა. მით უფრო, რომ უკრაინულ ქალაქ ბუჩაში რუსული ოკუპაციის დროს მშვიდობანი მოსახლეობის მასობრივი წამებისა და მკვლელობის სულ უფრო მეტი მტკიცებულების გამოჩენის ფონზე უკვე გაისმის მოწოდებები გაერო-დან რუსეთის გარიცხვის თაობაზე.

ასეა თუ ისე, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, პუტინის რუსეთს თვალსაწიერ მომავალში სასიკეთო არაფერი ელის - არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური, არც ნებისმიერი სხვა კუთხით. ისევე, როგორც დამაიმედებელი არაფერი ელით მის მოქალაქეებს, რომლებიც მზარდი დიქტატურის, საპოლიციო სახელმწიფოს ნიშნების, ტოტალური ცენზურის, სრული საინფორმაციო ვაკუუმისა და ცხოვრების დონის ყოველდღიური გაუარესების მიუხედავად, რუსეთში რჩებიან. თუმცა ეს მათი არჩევანია, მათი მრავალწლიანი არჩევანის შედეგი და სანამ ეს არჩევანი არ შეიცვლება, თითოეულ მათგანს ამ შედეგის საკუთარ თავზე წვნევა მოუწევს. აი, პუტინის რუსეთის "მეგობრებისთვის" კი ჯერ კიდევ არაა გვიანი, სწორი არჩევანი გააკეთონ და ჩახტნენ ფსკერისკენ მიმავალი გემიდან საკუთარი თავისათვის გადარჩენის იმედის შესაქმნელად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S